polluted green (bonus scene)
ცისფერი ჭიშკარი ჭრიალებდა, ჭრიჭინებდა, ღრიჭინებდა, მოკლედ, რას აღარ ცდილობდა, რომ ბრაზიანი ზღვის წყნარი ტირილი გადაეფარა. ჭიშკარში გამოჭრილი პატარა, ჩუქურთმისებრი რგოლიდან, შავი კატა გასცქეროდა არემარეს. მოციმციმე თვალები ახლად დამწიფებულ, გახლეჩილ, მწვანე ტყემლებს უგავდა, "კურკაც" სჩანდა და ტყემლის რბილობივით, ულივლივებდა კიდეც თვალები. მაღალ დამბას და სანაპიროს პატარა მოაჯირი ჰყოფდა მხოლოდ. თუ ჩაიმუხლებოდი მოაჯირთან, და ისე შეხედავდი სანაპიროს, საერთოდ ვერ შეამჩნევდი, რომ ეს ქვის სანაპირო იყო. გეგონებოდა, რომ ზღვა პირდაპირ მოაჯირზე იყო მიერთებული. -თევზებო, თევზებო, რას მიმალავთ? რატომ არასდროს ხმას არ იღებთ? - შიზოფრენიკივით ეკითხებოდა არემარეს, რიჟა, ხუჭუჭთმიანი, საშუალო სიმაღლის, "გამსლეული" ქალი, როგორც იტყვიან. და საკუთარ თავსვე პასუხობდა: -ალბათ, ჩუმები რომ ხართ, არავის რომ არასდროს ახვევთ თავს გასაჭირს, ან ტკივილსას, იმ ტკივილისას, ანკესის ბასრი კაუჭი რომ გაგდით ლაყუჩებში, მაშინაც ერთსაც რომ არ წამოიკვნესებთ, ან დაიწკმუტუნებთ, მაგიტომ მესმის თქვენი, თევზებო. - ბურტყუნებდა და ჩამუხლული უყურებდა სინოს ერთერთ სანაპიროს, ხანაც გამომშრალ ხელის გულებზე დაიხედავდა, უხილავი ფანქრით, ანუ, ფრჩხილით, სათითაოდ იწერდა ასოებს, რომლებიც ბოლოს წინადადებას ადგენდნენ: "გამარჯობა, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ". დიდი ხანი კი უნდებოდა, მაგრამ დრო გაჰყავდა. არა, არც იცოდა რა იყო დრო, არც აინტერესებდა. მისთვის არსებობდა მხოლოდ აისი და დაისი. მზის სხივები კუდებივით ებმებოდნენ ხეზე მომწიფებულ ვაშინგტონებს, ხე კი ჩრდილავდა მას, ჭირისუფლის თავსაბურავად ეფინებოდა ლამაზ კულულებზე. -მამა გვასწავლიდა მე და ქრისტეფორეს, როცა თევზაობ, აუცილებლად უნდა ეცადო, რაც შეიძლება ნაკლებად იხმაუროო. თევზებს ყველაფერი ესმით და ძალიან ფრთხილობენო. იშვიათად თუ დაგიჭერდათ მამა. დაჭერილი თუ კი მინახიხართ, სულ ფართხალებდით, წყლიდან ამოსულს გამჩნევდით მხოლოდ ტკივილს. - ხელის გულებს ცოტა ხნით თავი მიანება და ცას მიაშტერდა. სჩანდა, უკვე დაისი პრანჭვას მორჩენილიყო, სადაცაა გამოჰყოფდა ლამაზ პირ-სახეს, ატამივით ფერ-შეხამებულს, ქალიშვილივით რომ ეტყობოდა ღაწვებზე ატმისნაირი ბუსუსები. -ეტყობა, ზღვაში ტკივილი არაა, ჰო, თევზებო? ზღვა ძილსა ჰგავს. შიგნიდან ძალზედ ჩუმია, ბნელია, გარედან რომ შეხედავს ადამიანი, თვალისმომჭრელად ზურმუხტისფერი. - ნერვიულად ჩაიჩაჩა ხელი ნაჭრის შარვლის ჯიბეში, ბოლო რამდენიმე კაფსულა იპოვნა და უცებ, მათი ყლაპვის ხმამ განგმირა ზღვის ტალღათა ჩქეფისა და ცისფერი ჭიშკრის ჭრიალის ხმა. -მეც მინდა ზღვაში. - კულულასაც მოაჯირზე მიერთებული ეგონა ზღვა. გადააბიჯა მოაჯირს, შიგნიდან, წკიპზე დადგა, დიდხანს უყურა მის კატას, რომელიც იმ მანძილიდან, ძლივს შეინიშნებოდა, თუმცა, გისოსების უკან, მის თვალებში იკითხებოდა სათქმელი: "გასრულდა. დაბრუნებაზე ნუ იფიქრებ, დაისვენე." უყურა სანამ წონასწორობა არ დაკარგა, და გადაეშვა თავით, იმ იმედით, რომ პირდაპირ თევზებთან აღმოჩნდებოდა, თუმცა ბეტონის ნაგებობისგან დარჩენილ დიდ ნაჭერს დაარტყა თავი, გაიხლიჩა კიდეც. დაეცა ჯერ კიდევ ცხელ რიყის ქვებზე და ღვინისფრად შეიღება რიჟა კულულები. მის თავთანვე მიძინებული რამოდენიმე რიყის ქვა კი ისე შეღება, რომ სისხლის შარავანდედი ამშვენებდა. ლამაზი ქალაქია სინო. ბავშვობის ქალაქი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
5 კომენტარი
სრული ნაწარმოებიც იქნება მალე :)
ისედაც ბებერი კატა ხარ
ამ საიტის აღწერაში, სადაც მე "ვერლიბრი" მაწერია, შენ "კატა" უნდა გეწეროს... პროფესია - კატა. :დდდდდდდ მიდი რა, დაიწერე, მაგარი იქნება
madlobt
ნუ გეშინიათ. არა. ირაკლი თავის თავს არ ელაპარაკება,ჩემს ძველ ექაუნთს პასუხსობს :))))) ჰა - ჰა - ჰა .