Timere
მომკალით, ოღონდ არ ჩამაცვათ შიშის ხალათი, არ ჩამიგროვოთ ლაყუჩებში ყვითელი ქვიშა, ოღონდ ხავსებმა არ დაფაროს ჩემი ქალაქი და სულ ნანგრევებს დაუფარავს ცაცა და მიწაც. მომწყვიტეთ, ოღონდ არ შემახმოთ ვაზის თავებზე, არ ამომილპოთ მზედ ჩამდგარი სისხლი ძარღვებში. არ ამიძმაროთ ქვევრში მდგომი სინათლის ქისა, სულ გააბნიეთ, ჩამოასხით, ცისფერ ყანწებში. ფეხში მერჭობა ნემსის წვერი და ახლაღა ვგრძნობ, რომ გაჟღენთილა ჩემი გული წყეული კეთრით, რომ ერთ დროს დიდი ვნებების და სიგიჟის შვილი, დანადარტყმული კალმახივით ვაგდივარ ფსკერზე. ჭრილობა მიხურს, ერთი თვალით ბუნდოვნად ვხედავ, უჩემო წყალში მოცურავე სიჩუმის ტალღებს. და ერთი მტკივა, რომ დინებას ვუდგავარ ზურგით, რომ წყალი უკუღმა მიხოკავს ვარდისფერ ფარფლებს. მომკალით, ოღონდ არ ჩამაცვათ შიშის ხალათი, არ ჩამიგროვოთ ლაყუჩებში ყვითელი ქვიშა, ოღონდ ხავსებმა არ დაფაროს ჩემი ქალაქი და სულ ნანგრევებს დაუფარავს ცაცა და მიწაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი