პაოლოს
გალესე ცელი,რომ მუნდირში სწრაფად გამხვიო, მე პერესეპოლისს მეგულება ჩემი ბანაკი... აპადანაში, მსურს, ქალწულებს ხელზე ვემთხვიო დედამიწაზე დავრჩე, როგორც იგავ-არაკი მე მიყვარს ღამე და მის ბოლოს გამონათებაც. სიყვარულს ვარქმევ ყველა საგანს რაც კი შორია. უბადრუკი ვარ, ბედუინი, წესების დავთარს ცაში მივირთმევ,როგორც ქაშაყს თეთრი თოლია. რა აქვს სახელად მე არ ვიცი ამ დროის ჟონვას, სიტყვა მიკვდება და იხრწნება კბილებს ქვემოდან. სალტეებს ვუშვებ, ვყრი იარაღს და ტყვია-წამალს. სხვენიდან ვიღებ უძილობის ყვითელ ჩემოდანს. დანებება მსურს,ფენიქსური ლეიკემია ნალაკევერთხალებ აორტაზე ობად მედება. შიშებს მეძავად გაუხდიათ ჩემი ოცნება, და გზაარეულს, აღარაფრის მეიმედება. გალესე ცელი,რომ მუნდირში სწრაფად გამხვიო, მე პერესეპოლისს მეგულება ჩემი ბანაკი... აპადანაში, მსურს, ქალწულებს ხელზე ვემთხვიო დედამიწაზე დავრჩე, როგორც იგავ-არაკი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი