მე დავწერ იმ წიგნს, საიდანაც ჩემგან არ წახვალ


ვუყურებ სარკმელს, მთვარესავით ცაზე გადავალ,
ვარსკვლავებს ვითვლი, მე შენს ზურგზე, თითქოს ვხუნდები…
მე დავწერ იმ წიგნს, საიდანაც ჩემგან არ წახვალ,
ან წიგნს რომელშიც წასვლის მერე შენ დაბრუნდები.

დღეს იმ ადგილას სადაც ადრე ვისხედით ორნი,
ვზივარ და ვუმზერ სავსე მთვარე როგორ იცლება,
თურმე გრძნობებიც, ჩემი გულის ტემპორიტმივით,
არ გთმობენ და ვგრძნობ, სული სხეულს როგორ სცილდება.

არ მინდა ჩვენი გათენება ბედნიერების,
ვიჯდე და ვინმე სხვასთან ერთად გამოვიტირო.
მტკივა, ადამის ამოცლილი ერთი ნეკნივით,
რომ ჩემგან შორს ხარ, ნაბიჯების საპირისპიროდ..

მე ვერ გეწევი. არც დაწევას ვცდილობ იერით,
მხოლოდ ვეწევი გაზაფხულით გაჟღენთილ სურნელს.
როგორც თოვლიდან ამოსული ნორჩი იები,
ვზივარ ბაშვივით და საკუთარ გულის თქმას ვუსმენ.

როგორ მჭირდება, ჩვენი ქუჩა გავდეს ნოემბერს,
ის გზა რომელსაც მოვყავარ და აღარ ბრუნდება,
მზად ვარ, გელოდო ტკივილები ფიქრებს მოედნენ,
მე აღარ მრჩება სხვა გზა უკან დასაბრუნებლად.

და თავდახრილი მაღლა ვუმზერ სინათლის სარკმელს,
შენ სიამაყით თუმც ვერავინ გაგეტოლება…
რა ვქნა, ეს გული ვერ გაუძლებს სიცივეს ამდენს,
ამასობაში, შენ კი ვიღაც სხვა გეყოლება.

მოვალ, თაიგულს შევკრავ, ისევ ჩვენი იებით,
დრო ყველას კურნავს, შენ ყოფილხარ განუკურნელი.
ისე გასცვივდა შენს გულს ჩემი არტერიები,
რომ შენს გარეშე, მარტს გაუქრა მისი სურნელი.

ვუყურებ სარკმელს, შუქი არ ჩანს ქუჩის გადაღმა,
შენ უკვე გძინავს, მე კი ძილით ვეღარ ვდუმდები,
მე დავწერ იმ წიგნს საიდანაც ჩემგან არ წახვალ!
ან წიგნს როემლშიც, არსაიდან შენ დაბრუნდები.

2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი