ძველით ახალ წელზე


დღეს...ამ ძველით ახალი წლის ღამეს რატომღაც შენთან მომინდა მოსვლა, შენი ნახვა, შენი მოსმენა, შენი დაბედება....მაგრამ ვერ შევძელი.
როგორც იმ დღეს...როცა შენს მახლობლად ჩავიარე...ოღონდ შემთხვევით.
  ჩავიარე და ამ შემთხვევით ჩავლისას ცალი თვალით რომ იყურები და მეორე თვალს არიდებ...ისე გამოვიხედე, იმ იმედით რომ იქნებ დამენახე, მაგრამ არ გამიმართლა.
   არვიცი რატომ ვერ ვბედავ მოსვლას...თუმცა როგორ არვიცი.
    ყველასთვის ღია კარი შეიძლება ჩემთვის დაკეტილი აღმოჩნდეს...და კიდევ შენი შეხვედრის მეშინია.
   მეშინია შენი გაყინული მზერის, საყვედურით სავსე თვალების, თავის გაქნევის და უფრო უარესის: "ვერ შემჩნევის" და "არად ჩაგდების".
   მეშინია რომ მეტყვი: 
-აქ რა გინდა? 
-აქ რატომ მოხვედი? 
- ნუთუ ვერ გაიგე, რაც გითხარი...
და უამრავი საყვედურით სავსე სიტყვების.
  ალბათ იქვე მომინდება, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს, ცა ჩამოიქცეს, კედლები დაინგრეს, ან საერთოდ...გავქრე.
   ასე მგონია შეგრცხვება ჩემი მოსვლა, 
გაბრაზდები, აღშფოთდები.შეიძლება მეჩხუბო და მომთხოვო: "ახლავე, წადი"...ეს  კი გაგდების ტოლფასია.
ამიტომაც ვერ მოვდივარ....
  საერთოდ ერთგულ და მოსიყვარულე ადამიანებს ზოგჯერ ასე ექცევიან.რაღაც ამ გრძნობისთვის სჯიან და სხვების შეცდომებისთვის.
  თუმცა გულში იმის იმედი ცოცხლობს რომ შენ ასეთი არ ხარ...და შენ არავის ჰგავხარ.ალბათ ამიტომაც აგირჩიე და ამოგიჩემე.
  იცი...იმასაც ვფიქრობ რომ შეიძლება ყოველდღე მელოდები და ელოდები იმ წუთს, როცა კარებს შემოვაღებ და შემოვალ.
  იქნებ ცივი, გაყინული მზერის ნაცვლად სითბოთი სავსე თვალებით და გულღია ღიმილით შემხვდები...
  იქნებ მომეხვევი და გულში ჩამიკრავ.
  იქნებ ერთმანეთის პირისპირ გულწრფელად ვისაუბრებთ და დროის უსასრულობა არ შეგვაწუხებს.
  არვიცი...იქნებ ასეც იყოს და ისეც...ამიტომ ვერ მოვდივარ რომ მორიგი, დაუმსახურებელი სასჯელის მეშინია.
  ზოგჯერ ვნატრობ, უჩინარი ვიყო.ნიავივით დავქროდე და სულ თან დაგყვებოდე.ვიჯდე სადმე კუთხეში, გიყურებდე და გისმენდე.
 ან ვნატრობ...ვიყო პატარა, საყვარელი ლეკვი, რომელიც კუდის ქიცინით შემოგხედავს და შენ თავზე ხელს გადაუსვამ.შენ ხომ ისე გიყვარს ცხოველები, ამ ლეკვსაც შეიყვარებდი და მის ერთგულებას უფრო იწამებდი, ვიდრე ადამიანებისას.
  მათხოვრად გადაცმული თუ გადაგეყრებოდი, უეჭველი გაიღებდი მოწყალებას, შეგებრალებოდი და მანუგეშებდი.
  ნეტავ ისეთი ნიღაბი მქონოდა, თამამად მევლო შენს ახლო-მახლო და პირისპირაც კი.არ მგონია ხმით გეცნე მაგრამ თვალებით უსათუოდ მიცნობდი.
  და მე რატომღაც ვისჯები სხვისი ცოდვების გამო, როგორც მისი მოდგმის წარმომადგენელი.განსხვავება დიდია...მე შენთვის ტკივილი არ მომიყენებია და არც არასდროს მოგაყენებ.

  მე დღეს შენ ჩაგიარე...ჩემი სიმძიმეებით და ფიქრებით დახუნძლული...მაგრამ ვერ მოვედი ახლოს...

ხოო...ნამდვილ ახალ წელს გილოცავ!

შენ გაგიმარჯოს!!! 🍷

ირინა თოფურია ✍
14.01.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი