ჩვენ რომ ერთად გვეცხოვრა
ჩვენ რომ ერთად გვეცხოვრა (ჩანახატი) შენ ისევ გვიან დაბრუნდი სახლში, უფრო სწორად შუაღამეს, გამთენიისკენ...მე კი შენს ლოდინში დამძინებია.... კარები გარედან გასაღებით გააღე. ფეხაკრეფით შემოხვედი ჩვენს პატარა და მყუდრო ბინაში. ამ ბინას სულ ორი ოთახი აქვს: შემოსასვლელი ჰოლი, მისაღები და საძინებელი.პატარა მაგრამ მზიანი სამზარეულო და უფრო პატარა სააბაზანო. ამ პატარა ბინას ერთი დიდი ვიტრაჟიანი აივანი აქვს მისაღები ოთახიდან.სადაც გვიდგას პატარა მაგიდა, ორი სკამით.რომელიც ქალაქის ულამაზესს ხედს გადაჰყურებს. ეს ადგილი ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენ. როცა ერთად ვართ ვსაუზმობთ, ვსადილობთ, ვვახშმობთ, ვსაუბრობთ, ზოგჯერ ჩუმად ვტკბებით ხედის სილამაზით და ყავას ვსვამთ ფიქრებში გართულები.როცა ცალ-ცალკე ვართ, შენ სიგარეტს ეწევი, მე ვხატავ ან ვკითხულობ...ხან ერთმანეთი გვენატრება, ვწერთ შეტყობინებებს ან ვურეკავთ. დღეს შინ რომ დავბრუნდი ვახშამი მოვამზადე, ერთად ვახშმობა არ გამოგვივიდოდა ამჯერადაც, რადგან შენ სამსახურში გვიანობამდე ხარ. იქ არც მშიერი ხარ,მაგრამ შინ დაბრუნებულს, ჩემი მომზადებული ყველაფერს გირჩევნია.მეც ყოველთვის გიმზადებ შენს საყვარელ კერძებს. ერთადერთი სამზარეულოა, სადაც არ ვიწყენ.სულ მუსიკის თანხლებით ვატარებ იქ დროს...და დროც მალე გადის.ისე კი... მოწყენილი ვარ უშენოდ.ისე მცირე დრო გვიწევს ერთად ყოფნის. დილით ადრე მე მივდივარ სამსახურში და შენ გძინავს, რომ ვბრუნდები საღამოს, შენ წასული მხვდები...თუმცა ვცდილობ გვიანობამდე დაგელოდო, რომ არ დამეძინოს.ერთადერთი ღამეა დილამდე,როცა ერთად ვართ.ახლაც ისე დამძინებია, ფხიზელი ძილის პატრონმა ვერ გავიგე შენი მოსვლა. შენ სამზარეულოში შეგახედა შენი საყვარელი კერძის სურნელმა.ქურაზე შემომდგარ ქვაბს თავსახური ახადე და ჩახედე.გესიამოვნა რაც დაგხვდა, მაგრამ არ შეჭამე.მაგიდიდან აალაგე შენთვის გაშლილი ჭურჭელი. მისაღებში შუქი დამრჩენოდა.არ ვაპირებდი დაძინებას, მე ხომ შენ გელოდებოდი. მაგიდასთან მჯდარი დაგხვდი.ჩაძინებამდე ვხატავდი.თავი ალბომზე მედო და ისე მეძინა.გაგეღიმა.თავი გააქნიე ჩემს სიჯიუტეზე.რადგან სულ მეუბნები დავიძინო და ასე არ დაგხვდე. მისაღები იყო ის ადგილი, სადაც კუთხეში იდგა მაგიდა, წიგნის თაროები.ზოგჯერ მოლბერტსაც აქ ვშლიდი.ახლა მაგიდაზე მეყარა უწესრიგოდ საშლელი, ფანქრები, ალბომები, სათვალე...და თითქმის ჩაით სავსე ჭიქა.ისევ ჩაგეღიმა და გაიფიქრე: "ისე ეძინებოდა ჩაიც ვერ დალია." პლედი მომაშორე მხრებიდან და თავზე მაკოცე.შენი სურნელი ძილში ვიგრძენი, მივხვდი მოხვედი, მაგრამ არ შევიმჩნიე.ვნეტარებდი შენი სიახლოვით და შენი მზრუნველობით. საძინებელში გახვედი, საწოლი რომ მოგემზადებინა და გადაგეყვანე. ისევ გაგეღიმა... გაშლილი დაგხვდა.ასევე დაგხვდა საკიდზე გადაკიდებული დაუთოვებული შარვალი და პერანგი. თავი გააქნიე.გაგიკვირდა როდის მოვასწარი ამდენი რამ.გესიამოვნა ჩემი მზრუნველობა.რომ არასდროს არაფრის შეხსენება არ მჭირდებოდა.რატომღაც ყველაფერი მახსოვდა. თითქოს მსაყვედურობდი კიდეც ამ იდეალურობას და ყურადღებას.გინდოდა რამე დამვიწყებოდა, შემშლოდა, გამფუჭებოდა.მე ხომ გპატიობდი დაგვიანებებს, უყურადღებობასაც ზოგჯერ, იმასაც რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავიწყდებოდა, თუმცა ყველაზე მთავარი გახსოვდა: შინ რომ დაბრუნდებოდი, ფხიზელი დაგხვდებოდი თუ მძინარე, უნდა მომხვეოდი.თუმცა საწოლში დაძინებული არასდროს დაგხვედრივარ. ამის მე მხოლოდ ორი მიზეზი მქონდა: ერთი ის, რომ გელოდებოდი და მინდოდა ფხიზლად დაგხვედროდი, რაც ამ ბოლო დროს იშვიათად ხდებოდა.მეორე ის რომ თუ დაძინებულს მომისწრებდი, ხელში ამიყვანდი და ჩამაწვენდი.არასდროს მაღვიძებდი, რომ ჩემი ფეხით წავსულიყავი საძინებელში. ამჯერადაც არ გამაღვიძე...ისევ ამიყვანე და დამაწვინე. ირინა თოფურია ✍
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი