ნუ გაიკვირვებ
ნუ გაიკვირვებ...თუ შემიყვარდი, და ნუ დაუწყებ მიზეზებს ძებნას, რატომ ან როდის, როგორ ან რისთვის, ვერც მე მკითხავ და ვერც ჰკითხავ შენს თავს... ნუ გაოცდები...თუ აგიჩემებ, ლექსებს მოგიძღვნი, პორტრეტს დავხატავ, ასე ქაღალდზე შემოგაჩერებ, არ უწერია მერე დაკარგვა. ეს სიყვარული არ შეგაწუხებს, ეს დაგანახებს შენს თავს შორიდან, როგორი მძაფრი არის გრძნობები, რომლებიც შენით - მუზად მოვიდა. ნუ გაიკვირვებ....რომ შენ არსებობ, ჩემს სამყაროში დაიარები, ასე ლამაზად და სასწაულად, სხვა ვინმეს კიდევ შეუყვარდები? ნუ გაიკვირვებ...თუ შემიყვარდი, ნუ აღელდები, ნუ გაწვალდები, არ გსაყვედურობ, არც ვსევდიანობ, შენ თუ მე ასე ვერ გეყვარები. შენ ნება დამრთე გაგანდო ფურცლებს, რომლებზეც ისევ დაიხატები, ისევ გავრითმავ, ავაწყობ ლექსებს, და სამუდამოდ ასე დამრჩები. შენ რა დაგრჩება, აბა სანაცვლოდ? ნუ გაიკვირვებ, ნურც გაოცდები, მუზად რომ რჩები ეგ საამაყოდ... თორემ შენ არა, მე მიყვარდები... 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი