დასიზმრებისას


მზე რომ ჩავა და საკმაოდ დაღამდება,
სწორედ მაშინ მიმძაფრდება სინანული,
სწორედ მაშინ მესტუმრება მონატრება, 
და ვგრძნობ თითქოს...როგორ მტანჯავს სიყვარული...
მე რა ვუთხრა ამისთანა ბედისწერას,
კუთხეში ვარ მიყუჟული, გარიყული...
მენატრები...და მაშინვე ვიწყებ წერას, 
ლექსებია - შენზე ფიქრში გარითმული.
მერე, მერე ვერ ვახერხებ დაძინებას, 
უშენობა მაწვალებს და გულს მიწყალებს, 
უფალსა ვთხოვ შენი მზერის დასიზმრებას, 
იმედი მაქვს, უსათუოდ შემიწყალებს.
ნეტავ შევძლო, ძილში სხეულს გავეყარო, 
ჩემი სული მყისვე შენთან რომ მოფრინდეს, გაკოცო და მერე ჩუმად გაგეპარო, 
წასვლა არ მსურს, მაგრამ უნდა გამოვფრინდე!
შუა გზაში სული შენი დამეწევა, 
დამიძახებს: -არ წახვიდე! - შემაჩერებს,
მერე თვითონ მაკოცებს და მომეხვევა,
შენს მაგივრად მაპატიებს, მომიფერებს...
ჩემს ოთახთან ჩუმად, ფრთხილად მიმაცილებს, 
სული ისევ ტანჯულ სხეულს შეეყრება, 
დილით როცა მზის სხივები გამაღვიძებს, 
კვლავ მარტო ვარ? - და სიზმარიც ასე ქრება.
არ მახარებს ახალი დღე რომ თენდება,
მოლოდინი მტანჯავს...მაგრამ არა ჩნდები,
მიხარია როცა მალე დაღამდება, 
რადგან ვიცი, სიზმრადა გვაქვს შეხვედრები.
2007

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი