თვალები


თვალები სულის სარკეაო გამიგია,
თვალები არ სტყუიანო, როგორც ვიცი,
ათასჯერ ნათქვამ უარს ისე შეგიცვლიან, 
მერე არ სჭირდება ამას ფიცი- მტკიცი.
ჩემთვის ეს თვალები ისე ფერადია, 
მას ვერ შეედრება ცისარტყელის ფერიც,
მინდა დავხატო და მინდა დავინახო,
რომ მე მაგ თვალებში უკვე ვირეკლები.
"როცა სულს შევიცნობ-თვალებს დაგიხატავ",
მოდილიანმა ხომ უთხრა მაშინ ჟანას, 
მე კი მსურს, ვიდრე შენს სულს შევიცნობდე,
თვალებს ვხედავდე და გული მიამბობდეს:
- რომ მე მაგ თვალებში უკვე დავიბადე, 
- და რომ იქ დავრჩები, ვიდრე მომიბეზრებ,
ეს ის თვალებია - მე რომ მოვიგონე,
და ყოველღამე სულ რომ დავისიზმრებ.
ფერებს ვეფერები, ფუნჯით ვავსებ, ვხატავ,
ვიცი გამომივა, რადგან მე ვქმნი ხატად,
სული მე დამრჩება, ფიქრი, მოგონებაც,
გული, ოცნება და დიდი მონატრებაც.
ფერი...ის ფერია - მე რომ ვეფერები, 
გულმა  უკეთ იცის, იცის ყველაფერი, 
თვალები ხომ სულის სარკეა და..
მჯერა მაგ თვალებში მაინც  ვირეკლები.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი