ჩემი მუზები


ჩემი მუზები

არ მახსოვს ჩემთან ცალ-ცალკე მოვიდნენ თუ ერთად...ალბათ ჯერ ფუნჯის მუზა მოვიდა, ჯერ კიდევ პატარას ამაღებინა პირველად ხელში კალამი...ჰო კალამი...და დამახატინა. თუმცა შეიძლება კალმის მუზა იყო ჯერ და რადგან წერა არვიცოდი, ასე შემაჩვია კალამს. 
   მეგობრები არიან ჩემი კალმის და ფუნჯის მუზები...უახლოესი დაქალები ერთმანეთისთვის და ორივე ჩემთვის...არასდროს ჩხუბობენ ერთმანეთში, არ ქიშპობენ...მოვლენ, ჩამოდგებიან ჩემს მხრებთან და ბჭობენ: დავხატო თუ დავწერო?  ან ორივე ერთად...არცერთს რომ არ ეწყინოს. 
  ფუნჯის მუზა სულ თან დამსდევს, არამარტო ფუნჯით, სხვადასხვა მასალით მახატინებს. ჩემს გვერდითაა როცა მიხარია ან მწყინს... გულშიც მიკრავს ზოგჯერ... წარბების აწევა იცის...ეს მაშინ როცა ნახატი არ მოსწონს...ან განწყობა...ან ფერი...მანამ არ მომასვენებს, სანამ არ შემასწორებინებს. ცოტა ბრაზიანი და ბუტიაცაა...ვიდრე კალმის მუზა...ერთხელ გამიბრაზდა და ათი წელი საერთოდ წავიდა ჩემგან. 
  ათი წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, უფრო გაზრდილიყო, დაბრძენებული. სახე მაკიაჟით შეეღება, ხვეული თმა ცისფერ-იისფრად. პალიტრის ფორმის ქუდი ჩამოეფხატა თავზე და ისე უცებ ამოუდგა ჩემს კალმის მუზას გვერდით, ორივეს გაგვიკვირდა. თეთრი მანტიის ნაცვლად, შავი მანტია მოესხა, ეს ეტყობა მეტ სიბრძნეს ნიშნავს მუზებში.
  კალმის მუზა კი სულ თან დამყვებოდა ის ათი წელი...ვწერდი ათას სისულელეს, უბრალო ჩანაწერებს, სიებს...ყველაფერს პროზისა და პოეზიის გარდა....თუმცა ზოგჯერ შემომეწერებოდა ხოლმე. 
   კალმის მუზას ერთ დროს კუპრივით შავი თმა შეევერცხლა, თუმცა უცნაურად....არა ისე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს...ძირებიდან კი არ გაუჭაღარავდა, არამედ ბოლოებიდან...თავზე მუდმივად წითელი შლიაპა ეხურა...ბუმბულებიანი...ადრე წითელი მანტია ეცვა, რომელიც გამოუცვლელად გაუშავდა.
    სამი წლის წინ ფუნჯის მუზა ამიჯანყდა, ამდენი უმოქმედო წლის გამო და კალმის მუზას დასვენება შესთავაზა. მასაც უარი არ უთქვამს...ისედაც გრძნობდა რომ ფუჭად შემოხარჯულ ათ წელიწადს ვერაფერი ღირებული შემაქმნევინა....ხედავდა როგორ ჩავანაცვლე კომპიუტერის კლავიატურა კალამს, ბეჭდვა კი წერას. ერთბაშად გაანალიზა ეს ყველაფერი და გავიდა შვებულებაში. 
    თუმცა ერთ წელიწადში ისევ მოვიდა...მოვიდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გამიჭირდა და დამჭირდა... ენით აუწერელი გრძნობების და ემოციების ფონზე, რომელიც ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს დამატყდა თავს. მომაშველა ზღვა რაოდენობა ფურცლების და კალმების...
იმ საღამოდან ორივემ გადაწყვიტა რომ არასდროს მიმატოვებდნენ...ბოლო ამოსუნთქვამდე... ახლა  სამივემ ვიცით რომ მერეც არ დავშორდებით...უერთმანეთოდ ვერცერთი წავალთ და ვერც გავძლებთ. 

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი