ჩვენი სამყაროები


ჩვენ ერთ პლანეტაზე ვართ, ოღონდ ორ სხვადასხვა სამყაროში. 
შენთან სულ ცივა ჩემთვის, სიცივე და სიჩუმეა.
ჩემთან კი მუდმივი გაზაფხულია და შენთვის სითბო და სიყვარული ჰყვავის...
მოლოდინია ჩვენს საზღვარზე, განსაცდელები, ფიქრი, შიში და გაუბედაობა. 
არადა რომ იცოდე:
მეც მტკენია გული;
მეც მიმატოვეს...ხელი მკრეს...აბუჩად აიგდეს და უპასუხოდ დატოვეს ჩემი გრძნობები...
მეც ბევრჯერ ვიფიქრე რომ ამქვეყნად არავის ვჭირდებოდი, რომ არავინ შემიყვარებდა, რომ არავინ გამიგებდა, არავინ მომისმენდა, არავინ შემიბრალებდა და საერთოდ არაფერი შემეძლო.
თურმე როგორ ვცდებოდი:
თურმე ყველაზე მეტად საკუთარი თავის უნდა მერწმუნა, შემყვარებოდა, მომესმინა, მიმეღო და გამეგო მისთვის.
თურმე მადლიერი უნდა იყო სიცოცხლის ყოველი წუთისთვის, ყოველი დღე უნდა გაატარო ისე, როგორც უკანასკნელი... იყო მომთმენი და მშვიდად შეხვდე ცხოვრების სასიამოვნო თუ უსიამოვნო ეპიზოდებს. 
მე ყოველდღე რწმენით და იმედით ვანგრევდი ჩემს სულსა და გულში აშენებულ ქვიან კედლებს, რომლებიც არ მაძლევდნენ საშუალებას ახალი ჰაერით და ენერგიით შემევსო წარსულისგან ჩაკირული სხეული... რაც უფრო შორდებოდა ეს ნანგრევები...თან მიჰქონდა ყველა ტკივილი, იმ ადამიანების არსებობა და დავიწყებაც, ვინც მაყენებდა ამ ტკივილს...ყოველდღიურად ვთავისუფლდებოდი...და სულ უფრო ახლო იყო მიზანი, მიზანი საკუთარი თავის პოვნის და გადარჩენისა. მე ეს შევძელი... ერთადერთი რაც შემომრჩა ეს ბევრი, ბევრი სიყვარულია, რომელიც მკურნავს, მკვებავს და მაცოცხლებს... 
ახლა ვცდილობ შენ განგკურნო. ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთის განკურნება და მკურნალობის ერთადერთი მეთოდი სიყვარულია! მინდა დაგაჯერო და დაგარწმუნო, რომ შენი თავი შენვე იწამო და შეიყვარო...რადგან მჭირდები ადამიანო...არ მემეტები წარსულში დასატოვებლად. 
შენს სამყაროში ცივა...ამოდი, დატოვე და გადმოაბიჯე, რადგან წარსულ ტკივილებისგან დამძიმებულ სულსა და გულში სიყვარული ვერ აღწევს, ისევე როგორც ბნელ ღამეში მზის სხივი...
ჩვენ ორი სხვადასხვა ინდივიდი, უხილავი ძაფებით ვართ გადაბმული, არც ვცდილობთ გავიქცეთ...თითქოს ერთმანეთი გვიჭირავს და არცერთი  ვაპირებთ პირველმა გავუშვათ ხელი...

ირინა თოფურია ✍
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი