უპასუხო გრძნობებზე


გულში და სულში შემოპარული გრძნობა და სიყვარული, რომელიც ჩვენგან გაცემული უარყვეს თავაზიანად, რაღაც საკუთარი ეგოისტობის, ახირებების და გაურკვევლობების გამო - მე ვადარებ მას:
  🦋მოფარფატე პეპელას, რომელსაც სიცოცხლე უხარია და სურს დარჩენილი საათებიდან უკანასკნელი წუთები ნეტარებაში გაატაროს და ასეთ ბედნიერს, მინის ქილაში გამოამწყვდევენ და თავზე მჭიდროდ დაახურავენ.
  🐠 ლამაზ ფარფლებიან თევზს, რომელსაც აკვარიუმიდან მშრალ ზედაპირზე მოათავსებენ და იქვე დატოვებენ.
  🐦 ჩიტს, რომელსაც ფრთებს დააჭრიან და ჭიკჭიკს აუკრძალავენ.
  ✉ იმ ბარათებს ჰგავს, გაგზავნილს რომ მიიღებენ, წაიკითხავენ, ჩაიცინებენ და პასუხგაუცემლად ცეცხლში დაწვავენ.
  🥀 ყვავილებს, რომლებსაც დაგლეჯენ და დაყრიან.
და ასე უსასრულოდ...
 ცოცხალს რომ სულიერად გკლავენ და შემდეგ ამ ლეშს ისევ გულში გიტოვებენ. დაუხარჯავი და გაუზიარებელი გრძნობა ისე კვდება, უცებ გამოტანილია განაჩენი, რომელიც ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. ასე გადაწყვიტა ერთმა მხარემ და ასეც იქნება.
  მაგრამ  დროთა განმავლობაში...
ის -ვინც გასცა, მას ოდესღაც მხოლოდ უსიამოვნო მოგონებად ექცევა ეს იარა და შეიძლება გაეცინოს კიდეც საკუთარ გულუბრყვილობაზე.ადრე თუ გვიან, სხვა ადამიანი ავსებს ამ იარას, ყველა გაცემულ და უარყოფილ გრძნობას ანაზღაურებს და ავიწყებს კიდეც.

ის - ვინც არ (ვერ) მიიღო წლებთან ერთად სინანული დატანჯავს, რომელიც იმაზე მეტად მწარე და მტკივნეულია, ვიდრე გაცემული გრძნობის უარყოფისაგან მოყენებული ტკივილი.ოდესღაც მიხვდება, რომ ვერ პოულობს ისეთივე გულს და მონათესავე სულს, რომელსაც ის გულწრფელად სჭირდებოდა უანგაროდ.სინანული ყოველჯერზე გაუხსნის შეუხორცებელ იარას.

ამიტომ...
დააფასეთ ისინი, ვისაც მართალი გრძნობით და გულით სურს თქვენთან ყოფნა, საუბარი, ჩახუტება, მომავალი...და ერთადერთი სიცოცხლის თქვენთან ერთად გატარება.
  მოუსმინეთ...გაუგეთ...აპატიეთ...შეიყვარეთ...
უერთგულეთ...

ირინა თოფურია ✍
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი