გამომაღვიძე
გამომაღვიძე, როცა მთვარიან ღამით სიზმრები მკლავებს მომხვევენ, როცა არავინ არ გიხარია, არც ნაცნობი და არც ახლობელი. როცა მარტო ხართ შენ და კედლები, ჭერზე ჭაღი და ძირს ტყავი დათვის, როცა გგონია, თითქოს ბერდები და ამის გამო გთმობენ ან დაგთმეს, და როცა ღამეს ხელში უჭირავს თეთრ ზამბახივით - შენი სხეული, როცა არავის მოაქვს ქუჩიდან შენთვის სიმღერა ფეხარეული. გამომაღვიძე, თბილი სიზმრიდან ამომიყვანე , როგორც აკვნიდან, ამომიყვანე, როგორც ნისლიდან, ან როგორც ჩვილი რძიან აპრილთან გამოჰყავთ , ნუღარ დამერიდები, გულში კვლავ ძველი ვნების ნაღმი ძევს... გამომაღვიძე , თუ მოგინდები, თუ მოგწყურდები - გამომაღვიძე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი