მზე და მზისფერი ოლეანდრები


ციკლი  ''ალეფი''

                           IX
                    
ქალაქი  სდუმდა,  ქალაქს  სძინავდა
იმოსებოდა  ღამის  ჩადრებით,
თუმც  ჩვენს  საფლავებს  შორის  ბრწყინავდა
მზე  და  მზისფერი  ოლეანდრები.

ო’  იყო  მზე  იმ  უსრულ  ღამეში,
ვით  მონატრების  ცრემლი  ნაღვარი
და  ვიგონებდით  დროს  სიამეში
ზამთრის  წყლულებით  ნანიაღვარი.

ეს  უკვე  მოხდა  იქ,  მომავალში
ჩვენ  არ  ვიყავით  და  არც  ვიქნებით,
მზე  კი  დაკრთოდა  ქვეყნად  მრავალში,
როგორც  დაკრთოდნენ  შენზედ  ფიქრები.

ტყე  იყო  ირგვლივ,  ჩვენზედ  შრიალით
იფარებოდა  ხმები  ვედრების,
და  შემოდგომა  სავსე  ფიალით
კვლავ  გვახსენდებდა  დღეს  შეხვედრების.

ეს  უკვე  მოხდა,  დაიქცა  ღვინო
სადღაც  ლხინისას,  ჩვენთვის  დაიქცა,
რომ  თავი  ისევ  გადავირჩინოთ
იქ,  სადაც  ღამე  დღედ  გადაიქცა.

შენ  კი  ძვირფასო  ნუ  დაიღონებ,
ო’  ნუ  იდარდებ,  შემიყვარდები!
ვიდრე  წუხილით  ჩემში  იმონებს
მზე  და  მზისფერი  ოლეანდრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი