კაცმა შექმნაო ამაზე ვინ თქვა?
ენა მზე არის, ენა ზეარსის, ქართული სიტყვა ძღვენად და ნიჭად უბოძებია უფლის ანგელოზს სამოთხის მზითვად. კაცმა შექმნაო, ამაზე ვინ თქვა? ადამის ენა, პირველი სიტყვა, დამარხულ არსო, განკითხვის წინათ, ოთხ ათას წილად, ასოთ ნაწილად, წილად ითქმება რიცხვთა რითმებად ღვთის დედის ხვედრი, როგორც ედემი, თვით ღვთისმშობელი ჩვილი ყრმით ხელში, უბნობდა ასე, როგორც ბეთლემში, როცა შეეხო ექვთიმეს მხარზე და შეასწავლა იბერთა ენა, ქართულად ჰკითხა: "რაჲ არს, რაჲ გელმის ეფვთიმე? მითხარ! დღეიდან ქართულს იტყოდე ხსნილად, ვით წყარო წმინდა შენი ბაგიდან გამოდიოდეს ენა ქართველთა, რომ არასოდეს აღარავინ თქვას, კაცმა შექმნაო მეტყველი ენა, იბერთა ენა, ქართული სიტყვა კვლავ ჩაისმოდეს სამოთხის რითმად!" ისევ გაგვეგოს "დედაო ღვთისავ მზისა სადარო სამოთხის დარი, ააყვავილე ძველი საყდარი, ააელვარე სიტყვის ღადარი მიეც სიწმინდე და სისადავე, შენ ხარ ვენახი, რწმენის სათავე, ვერცერთი სიტყვა ვერ გისადარე მზის წილხვდომილი ცოდვილთა მიწა როგორც იცავდი, ისევ დაიცავ! ისევ დაიცავ! დედაო,ღვთისავ! დედაო ღვთისავ! ისევ დაიცავ!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი