გოდერძი
სამსახურის შემდეგ დაღლილს განტვირთვა მომინდა, ჩავრთე ნავიგაცია და მთელი სისწრაფით დავადექი სოფლის გზას, ორ საათში იქ ვიყავი. შევაღე დაობებული ქოხის კარები, უცებ სიძველისა და ნესტის სუნმა სუნთქვა შემიკრა. ცას პირი შეეკრა, საცაა ღვარად ჩამოიტანდა დაგროვილ ნალექს, ღრუბელმა მთვარის უკანასკნელი ციაგიც შთანთქა. დარჩენა გადავწყვიტე. დილით, როცა გავიღვიძე, კარგად ხსნის გათენებულიყო, ქარს მძიმე ნაღველი გაეფანტა და ცაზე მზე მხიარულად აეკიაფებინა. გავყევი სოფლის ნაწვიმარ ბილიკს, აქეთ-იქიდან მიღიმოდნენ თვალჟუჟუნა ქორფა ღიღილოები,ნარ-ეკლებს თავმომწონედ ამოეღერათ ყელი, ამაყობდნენ მოვარდისფრო დეკა ყვავილებით. უცებ გოდერძის ჩანჩქერი გამახსენდა და გზასაც იქით დავუყევი. მივადექი ლილისფერ ქვებით შემორტყმულ წყალვარდნილს, რომლის შხეფებიც სისხლისფრად შეეღება ცის შუა კამარაზე ამოწვერილ მცხუნვარე მზეს, თითქოს ქვებსაც სისხლისფერი მიეღოთ.ფიქრმა წარსულისკენ გამიტაცა. ხელჩაჭიდებული მივყავდი მაშინ ბაბუს ჩანჩქერთან, ირგვლივ გაოცებული ვიყურებოდი, ცნობის წადილს სიტყვიერადაც ვერ ვმალავდი: _ ბაბუ, რაზე ჰქვია ამ ადგილს გოდერძი? _ აქ გოდერძი უწამებიათ, შვილო, დიდი ხნის წინათ, თურქებს ქრისტეს გულისათვის, თავი მოკვეთესო და მდინარეში ჩაუგდიათ მკვდარი სხეული. მას შემდეგ ქვებიც წილთლად შეღებილა, და ხომ ხედავ ასეა დღემდის.... მოგონებებში გართული უცებ მოლას შეძახილმა შემატორტმანა, ცა ისევ მოიქუფა, სქელი ნისლი აათმაგებდა ბუნების ჩქამიან მელოდიას, საცაა ძლიერ დაუშვებდა. რა სევდიანი და გულსაკლავი ხარ, ჩემო ქვეყნის ცავ! _ ვფიქრობდი ჩემთვის, ვფიქრობდი უჩუმრად და უხმაუროდ, მოლა კი ისევ აგრძელებდა თავის ჰანგს, საწვიმრად შეკუპრული ცა ექოსავით ჰფენდა არე-მარეს მის გამარჯვებულ ყიჟინას, სანამ წვიმის თქეშმა საბოლოოდ არ დაადუმა სულისშემძვრელი მელოდია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი