სალომეამ
ბავშვობიდან მიყვარდა გეომეტრია, დრო ჩემთვის წრეწირი იყო, სული სხივი, რომლის საწყისი წრეწირს ემთხვევა, მაგრამ დასასრული არა აქვს, წრეწირს გადაკვეთს და უსასრულო, სამარადჟამო სივრცეში გაიჭრება. წრეწირის გადაკვეთის წერტილი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულად მესახებოდა, რომლის იქითაც იწყებოდა სამარადჟამო, მიღმიერი, უკიდეგონა მოგზაურობა იქ, სადაც შემეცნება ჭეშმარიტი და უტყუარია. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მოსამზადებელში გეომეტრიის მასწავლებელმა, წერტილი აგვიხსნა და ამით ღვთის არსებობის დამტკიცება სცადა... არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი მონოლოგი, ჩემი მეგობარი - სალომეა, რომ არ წამოჭრილიყო: - მათემატიკის სასწავლად მოვედი და არა ქადაგების მოსასმენადო! -მასწავლებელი დაიბნა, ის იყო და ის, აღარ უსაუბრია მსგავს თემებზე! *** იმ დღეს მოსამზადებელში მივდიოდი, სალომეა შემხვდა ქუჩაში, მეგონა ავად იყო.. _ მასწავლებელმა აღდგენითი გაკვეთილი დაგინიშნა _მეთქი! _ არავითარი აღდგენითი არ ჩატარდება, მოვაგვარე ეგ თემა! _რა თემა? - გამიკვირდა. _ის, რომ გოიმი მასწავლებელი არ უნდა მიტარებდეს რაღაც სისულელეებს! _ახალგაზრდაა, რას ერჩი? _ ვკითხე მე. _ ახალგაზრდა და ბნელი, რომ არის მაგაშია პრობლემა.. ჰენრი ჩავრიე, ვფიქრობ ერთი თვე მაინც გაგვიცდება, ცოტას მოვისვენებთ. *** არ მესიამოვნა თავისი შეყვარებული რომ ახსენა და აღარაფერი მითქვამს, მასწავლებლის სადარბაზოსკენ გავწიე... სადარბაზოში უჩვეულო სიბნელე იყო, კიბის თავზე მოძველებული, ჩაჟანგებული ჩამრთველი მეგულებოდა და იქით გადავდგი ნაბიჯი, ფეხებთან რაღაც სისველე ვიგრძენი, შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი. გარეთ რომ გამოვედი, მერე შევნიშნე, ფეხსაცმლით სისხლის კვალს ვტოვებდი. მერე ყველაფერი აირია. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ჩამესმოდა სადარბაზოსთან მდგომი თმაგაწეწილი დედის ძახილი. მეტყველების უნარი დამკარგოდა და უცნაურ ბგერებს გამოვცემდი. არც არავის ესმოდა ჩემი, ვერც ვერავინ მხედავდა.. მე კი თვალით სადარბაზოს კედელზე ჩაჟანგებულ, ვერცხლისფერ ჩამრთველს ვეძებდი, ამძვრალ ,საღებავში ვხედავდი სხივს - სულს უსასრულო სივრცეში რომ იკარგებოდა, ვხედავდი და ახლა უკვე გარკვევით მესმოდა დედის ხმა: -ვინ მომიკლა შვილი? ვფიქრობდი ვიტყვი, აუცილებლად, ყველას გასაგონად ვიტყვი-მეთქი, მაგრამ ერთმანეთში მერეოდა სისხლიანი ნაკვალევი ... დედა.. მასწავლებლის სხეული... სადარბაზოში მინავლული ჩამრთველი.. ლურჯი სხივი... ჩემი ყვირილი.. წრესავით უსასრულოდ ტრიალებდა ერთი და იგივე სურათი, ყველაფერი მავიწყდებოდა , მხოლოდ ჩემი მეგობრის სახელი მახსოვდა და უსასრულოდ ვიმეორებდი პასუხს შვილმკვდარი დედის კითხვაზე: სალომეამ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი