ზღვაო
- აჰა, მოვედი, ზღვაო, ჩამოგიტანე მშრალი ტუჩებით ამბავი, რომელიც ვერ გავბედე, ვერ ვუამბე სოფლის მდინარეს. როგორ არ ვწერო სიკვდილამდე აუცილებლად?! ან რა მოითმენს, სანამ სველ თმას მიშრობს ცხელი ქარი და შორიახლოს ქვიშაზე მჯდარ, ჩემს გამო მოჩხუბარ ცოლ-ქმარს არ მივახალო: - აგე, შეხედეთ, როგორი მსხვილი ტაროებია, ჯერ კიდევ ორთქლში ჩაწუწულნი. მიირთვით, გაერთეთ, გამოივლეთ სითბო პირში, კარგი მოსავალია წელს! ვცდილობ, დილიდან მოვაშორო ამ ქალბატონს ჩემი სიშიშვლე, მაგრამ შენ მიცქერ მის ქმარზე ხარბად, შენ მეტად მშთანთქავ და მერე სადმე გამომრიყავ სავსე ტიკივით, ჩემს სიყვარულთან. - ჩქარი ვარ, ზღვაო, როგორც საქარე მინას შენარცხებული ტყის მავნე მწერი, ან როგორც ის სოფლის მდინარე, რომ არ ვანდე ჩემი ამბავი. სულ ამ ფიქრში ვარ, რომელი უფრო დაგიმორჩილოთ: შენ, კალამი თუ კაცის ხელები. რომ შემეძლოს, მხოლოდ ლექსს როდი გავაშიშვლებდი, განა ეს ტრუსი თეძოების საკადრისია?! მოვიკრეფდი ძალას და ამ უცხო ქალსაც ვუამბობდი სითამამეზე, თუ რა იოლად შეუძლია ახლა ჩვენს თვალწინ გამოცალოს მისი ჯეელი. - შეხედე, ზღვაო, რა მსუყე დღეა. ნახევრად შიშველი, ნელ - ნელა ვწრუპავ მოტკბო "ხვანჭკარას" კაფე "კენტში" და მოპირდაპირე მაგიდასთან ვხედავ, თუ როგორ ძიძგნიან თხელ ქამბალას შუახნის კაცები. მსურს, მოსაღამოვდეს, ზურგჩანთიანად გადავემხო შენს მლაშე ტალღებს და ვაქანავო ჩემი ტანი დაისის ფერზე. - არ იცი, ზღვაო, ადრინდელი ჩემი ცოდვებიც, შენამდე ღელეს რომ ვუამბე, ღელემდე - რუსაც, მაგრამ ვერა და ვერ გავბედე მდინარის ნდობა. ძილად დაცემაც გავატანე ონკანის ჩხრიალს, თავი სიზმარშიც ვერ ვაკონტროლე. მიკვირს, ახლაც რომ ურყევად ვზივარ, თან ვიმორჩილებ ტუჩის მიმიკას, რადგან ჩუმია დღის მეორედი, როგორც ეს ღვინო, ნახევრად ტკბილი. - უსმინე, ზღვაო, შენზე მეტს ვღელავ, შენზე მეტს ვყლაპავ უიმედობას. რამდენი მინდა გესაუბრო უიღბლობაზე. ყველაფერს ისე გაუდის ყავლი, როგორც ამ ჯებირს ასე გაცვეთილს. ეს აივანი, სადაც დროებით გამოვიკეტე, და ვუცქერ შენს ზოლს ათასი აზრით, შენგან გამოსულ ლურჯ ნათებას ვერ უძლებს ჩემი თვალის სიხარბე. და მაინც გიცქერ, პირს ვისველებ მომჟავო მაწვნით, მაცივრის საკვერცხეში წუხელ ჩაღვრილი მდოგვი თოვლზე მიშარდულს ჰგავს, მეღიმება, არა ვარ კარგად, მეღიმება, ან როდის ვიყავი? - ვერ ვუგებ ხმელეთს, ეს აშოლტილი წვრილი ფიჭვები ისე უთქმელად ჩამომცქერიან... და ალაგ-ალაგ მწოლიარე ცოცხალი ცხედრები ფიჭვებივით სდუმან, ვშლი ფეხებს ფრთხილად, აისის შუქზე, იოდის სურნელს მოაქვს ბავშვობა - მუხლის თავებზე შერჩენილი ნაიარევი, ერთ დროს სპეტაკად გადაყვლეფილი. - ვემზადები, მივდივარ, ზღვაო, ბროწეულივით გადამსკდარი სველი დეკოლტით, ვეღარ გავრისკავ ღრმად შენში ცურვას, არ მემეტება ჩემი სხეული შენთვის შესაწირად, რადგან ის ბიჭი, ოცდაექვსი წლის, ვერ გადამარჩენს რადგან იმ ბიჭმა, ოცდათოთხმეტი წლისამ, არ იცის ცურვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი