ღამის ბლუზი


მივდივარ,
საღამოს ბლუზია,
შენ რჩები პირისპირ კედლების,
რომ შემაჩერებ, ილუზია -
არის და სხეულზე ეკლები
აყრია სიცივით ქუჩასაც,
საკუთარ ფეხის ხმას გავურბი,
თითქოს ცაც მიპირებს საჩუქარს
და წვიმა  წამოვა ხმაურით
საცაა...
იწვიმოს, ჯანდაბას,
აქ ვდგავარ ამარა ფიქრების,
ყველამ მიუხურეთ დარაბა,
მისი მასპინძელი ვიქნები
მხოლოდ მე
და ჩვენი ტანდემი,
იცეკვებს მსუბუქ ვალსს დილამდე,
ბრალი ამ მარტოსულ ქვაფენილს,
ბრალი შენ - ხვალ თუკი მინატრებ...
მივდივარ,
შენ რჩები და გზაფრავს
სიცივე, ვინ იცის ფითრდები,
მომყვება შენს ნაცვლად გზადაგზა,
მხოლოდ გათოშილი თითები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი