მერე რა


ერე რა. . . 

მერე რა,
თუკი შენი საძინებელი ოთახი
მხოლოდ ორ სკამსა და ერთ საწოლს იტევს
და კედლის მხარეს მიდგმული,
სიზმრებთან იყოფს სიცივეს,
როცა შენ თითებს,
წვიმისგან ხელით ჩამორეცხილ ფანჯრებთან იფშვნეტ,
ან სავარძელზე მისვენებულ სხეულს
წესს უგებ ფიქრებით,
ხოლო მიზეზებით აჭედილ კარებს არავის უღებ.
მერე რა,
რომ შენი სახლი სულ რაღაც
რამდენიმე კვადრატულს ითვლის,
ძველ მაგიდას კი ფურცლებისგან არ უჩანს სახე,
დაწერილ ფრაზებს
აკლებ, უმატებ,
ტოვებ და ეძებ...
პოულობ შაქარს, დაგავიწყდა რომ შეუცვალე
ძველი ადგილი.
იყრი ერთ კოვზს ან ერთნახევარს,
სვამ კონიაკით შეზავებულ ყავას ან ჩაის.
ტელევიზორში გადმოსცემენ მორიგ ტერაქტზე,
გესმის თითქოს და გაგიჭირდა დანახვა მაინც.
ამ დღესაც ისევ ბანალურად გაიხდი ტანზე,
შეიხურავ საძინებლის კარს.
მერე რა,
თუკი ეგ საწოლი კედლის მხარეს დგას
და ერთი კაცის მასშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე,
მოვედი,
მე უმასშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა...
მიიწიე უნდა მოგიწვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი