ანარეკლი
ის ისევ უკრავს, მეზობლის ბავშვი, მეზობლის სახლში არომატიც დგას ალბათ პიტნის, ან კენკრის ჩაის, გარეთ გათოვდა... -არ გამთქვა სარკევ, შეინახე ესეც შენსა და ცივ კედლებს შორის გაჩენილ ღარში, არ გამთქვა სარკევ! ვიღაც ფეხმორთხმით ჩამოუჯდა ცეცხლს ფარდებს მიღმა, კარგად ჩანს ჩემი ფანჯრებიდან სხვისი სიმშვიდე, ჰგავს თითქოს ზრაპარს , შენ რატომრაც არ გაგეგება აბრაკა-დაბრა... -არ გამთქვა წყალო და ყველა სიტყვა გაჩხერილი ყელში წყვეტილად წაიღე ზღვაში, რომ ნაპირზე გამორიყული დაფაროს ქვიშამ! გვერდით ბინაში ტელევიზორს ხმას უწევს ქალი, ალბათ შეწუხდა ხმაურისგან, გადაიღალა, დილიდან სკოლა, მერე ბაღი, ციფრები, ბანკი... -არ გამთქვას ნეტავ ამ სხეულმა, სიცივისგან თითებს ვიმტვრევ და განა ცივა? კომუნალური გადავფარე ორი დღის წინათ... ყოველ საღამოს კარს აღებენ და ბრუნდებიან, ხანდახან კიდეც მიდიან და არ ბრუნდებიან, ნეტა მათ ვინც არ ბრუნდებიან, ნეტა მათ ვინც არ... -და გათქვი სარკევ მამაჩემი არ შეინახო იარები შენსა და მაგ ცივ კედლებს შორის გაჩენილ ბზარში! -და გათქვი წყალო მამაჩემი, ყველა კვნესა და მლაშე ცრემლი ამოყარე - მკვდარი თევზები! -და გათქვი დედა მამაჩემი, რომ შენს სხეულში გაჩენილი სიცივისაგან, არ შევწყვიტო ეს სუსტი ფეთქვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი