სამიჯნურო (მთის ხმაზე)
ნაწნავ რომ უჩანს ქარვისფრად, თეთრა შეკაზმა ქალშავამ, ნამივით შესწყდა ქარაფებს, ნისლები ჩორთით აჰშალა. გულმა სთქო, მიდი მიეწივ, (გონს გადაეკრა წყვდიადი), მიდი და როგორც არწივმა, მკლავებში გამოიმწყვდიე. სხო ვინმე ვაჟი–მწყაზარი, მინამ შენს სურვილს ათიბდეს, მაჰხელე თავქვე წყაროზე, შემოაცალე ქათიბი... ჯერ დაუკოცნე ხელები, მემრე, ყელს მისწვდი მელადა, რისხვად თუ შემოგეხლება, ტუჩნი დასწურე მწველადა. გულმა სთქო... შავნამ დატორა ფიქრი, მოვსწიე აღვირი, დაუყვა ქალი არდოტს და ღიმილი დაჰყვა ბალღივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი