და არაფერმა გაიარა...
"გაივლის, არაუშავს", მეტყოდა ხოლმე დედაჩემი და ნატკენ მუხლზე სულს მიბერავდა, სიცხეს მალ-მალე მიზომავდა, ან ნაჭრილობევს მალამოთი ამოავსებდა... "გაიზრდები და დაგავიწყდება", მეუბნებოდა ბებიაჩემი როცა პირველად მაწყენინეს და გულამომჯდარს, მეგონა ზეცა ჩამომემხო, მიწა გაიხსნა... "არაფერია, უარესებიც ხდება ხოლმე, თუ დაფიქრდები". თქვა მეგობარმა სიყვარულმა როცა დამცინა და ყველა ჩემი ნაგროვები ნაზი პეპელა, ფრთამოტეხილი ყულაბაში გამოამწყვდია... "შეჩვევა არის ყველაფერი", მითხრა ვიღაცამ, როცა სიცოცხლემ მამაჩემი უხმოდ გარიყა, სანამ ხმამაღლა ამოვყარე კითხვის ნიშნები კანონ-ზომიერს დააბრალა, წერტილიც დასვა. მე კი ლაყუჩებ დაბერილი დინებას ჩავყე ღრმად და თავდაღმა... დრო გადიოდა და არაფერმა გაიარა, ამ წლების გარდა, ყველა იარა სახეზეა მუხლის თავებზე... პირველი წყენაც გაზაფხულს ჭექა-ქუხილს ჰგავს. უარესებიც მოხდა თითქოს, მაგრამ რა მერე? რა დაგავიწყებს შენში უკვე მკვდარ, გახრწნილ პეპლებს? რა დაგავიწყებს კადრს-სარკმელთან ჩამომდგარ მამას "იცურე აღმა! მხოლოდ აღმა! საპირისპიროდ! არ შეეგუო! ამ ზღაპრებზე მეტს იმსახურებ!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი