ჩამოჯექ ქალო!
ჩამოჯექ ქალო, აიკეცე თმების ფთილები, მაგ გაცრეცილი მაქმანიდან დრო დაიფერთხე, მერე მუხლებზე დაილაგე ხელის მტევნები და თვალებში ცა ჩაიტოვე... ჩამოდგი თუნგი, წყაროს წყალი შესვი პეშვებით, ოქტომბრის ნამი მიიბნიე ნისლისფერ მკერდზე, დაღლილმა წამით ჩამოუშვი მიწისკენ მხრები, თორემ ხომ ხედავ შენი ტერფები ღრუბლებზე თხელი და უფრო თეთრი წვიმისგან დამბალ მიწაში რომ მზესავით ჩადის... სანამ ჩამოთოვს თავშავებით აივსე უბე, ფესვს მოგლეჯილი გამოაშრე, მერე გაახმე და ზამთრის ორთქლზე დიდხანს ხარშე ის სიმარტოვე, ჩამოწოლილი ზვავებივით სულში რომ გაჩნდა... ჩამოჯექ ქალო და კოჭებიდან ალაგებულ კაბის კალთებში ჩაჰკიდე ფიქრი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი