ფსიქოდელიური ნოტები
ისევ იშლებიან ნოტები და პაუზები.. და ჩემი ორკესტრი ასრულებს დაკვრას იმ უვერწიურის, რომელსაც მე და შენ ვუკრავდით ოდეს და გვერეოდა თითები მაჯით.. მეოთხედები ირეოდნენ თავიანთ თვლაზე და მერვედები იკვრებოდნენ ლეგატოებით.. ზოგჯერ ირღვეოდა ვიოლინოს გასაღები და ცდილობდა გადმოდინებას ჩემს ბარძაყებზე, სადაც უჩუმრად შენ დებდი შენს ხელს.. და მე, თითქოს ვერ ვამჩნევდი, ვაგრძელებდი დაკვრას თვალებაუხელებლად.. ჩემი ნოტიო თითის ბალიშები ფრთხილად ეკვროდნენ კლავიშებს და მესმოდა მათგან ადენილი ოხშივრის არომატი.. ნოტების რვეულიდან პიუპიტრზე ნოტები ცვიოდნენ და მე მათ ნაცვლად ვიწყებდი სულ სხვა მელოდიის დაკვრას.. იმ მელოდიის, რომელიც ყველაზე მეტად მახსენებდა შენს თავს.. და ეს იყო ჩემი სამყაროს მხოლოდ ერთი ფსიქოდელია... ორკესტრი დაბნეული ჩერდებოდა და მაყურებელი ფეხზე მიდგებოდა, როგორც ყრუ ბეეთჰოვენს... მე ყრუ ვიყავი და თვალაუხილავი და მუნჯი.. მხოლოდ ჩემს გულისფეთქვას ვხედავდი და მესმოდა.. შენი თითებიც ქვემოთ ცვიოდა ჩემი ბარძაყებიდან, როგორც ნოტები როიალის კიდიდან.. მე ვათავისუფლებდი ყველა ნოტს და თითს ჩემგან, რომელიც ისედაც ძირს იყრებოდა.. ორკესტრი ჩერდებოდა და მხოლოდ აპლოდისმენტები აყრუებდა დარბაზს, რომელმაც არ იცოდა, რა მელოდიას უკრავდა ტაშს.. მხოლოდ მე ვიცოდი პაუზიდან პაუზამდე რამდენი გულისცემის ისმოდა ფეთქვა და რამდენ იმპულსს იღებდა აორტა.. აქ, სისხლძარღვებში ჟღერდა მელოდია კლავიშებიდან მიმალული ნოტების... ნოტების, რომელსაც შენ ვერ ხედავდი, ვერ ეხებოდი.. შენთვის ჩამოწვა უსაშველო პაუზა.. უსაშველო დუმილით.. და მას პერიოდულად თუ დაარღვევდა მონოტონური დარტყმა მონოტონური მეტრონომის....... 10.05.2020. #ირმა რომელიც #დაყრუვდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი