ოდესმე მეც გავხდები ნეორომანტიკოსი


ოდესმე მეც გავხდები ნეორომანტიკოსი
და დავწერ, როგორ მიჭირდა რაღაცის მოგონება...
იმასაც გავიხსენებ, როგორ მეწვია შემოქმედებითი კრიზისი...
როგორ ვეღარ ვარჩევდი ნოტებს ერთმანეთისაგან,
ფერებს პალიტრისაგან,
მოცარტს ჰესესგან და ლუდვიგს და ვინჩისაგან...
იმასაც გავიხსენებ, თუ როგორ გტანჯავდი,
როცა უჩემობას განიცდიდი და მე ამ განცდაზე მეტი ვიყავი...
ახლა კი, მხოლოდ შემოქმედებითი კრიზისია
და მტკივა ის, რაც უმტკივნეულოსთან კავშირშია, –
ყოველდღიურობა, რუტინა და ნიჰილიზმი...
დღესაც გავიღვიძე და დილა იგივე პროცესით დაიწყო –
ყავა,  სამოსი და  სამსახური...
სარკეს ლაქები ატყვია უკვე: წლებია, რაც მე გამოვიზარდე,
მაგრამ, ამ წლებში სიბრძნე არა სჩანს...

ისევ შოპენი... ან, ბეეთჰოვენი... ან, მძიმე როკის მკვეთრი აკორდი...

უკვე მერამდენედ ვეხები დღესაც პენტიუმ ოთხის გაცრეცილ მაუსს
და მერამდენედ დავხურე უკვე "სამოსელ პირველი" წიგნის ძველი ყდა,
რომლის  გაყვითლებულ გვერდებს მტვერი დაედოთ...
ახლა კი მხოლოდ შემოქმედებითი კრიზისის დროა
და თეთრი ლექსების დრო  ჯერ არაა...
2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი