მზესუმზირები


მხოლოდ შენ შეძელი დაგენახა 
ჩემს თვალებში ამოსული მზესუმზირები.

მეუბნებოდი, 
მზეს კი არ უმზერენ, 
მზიდან იმზირებიანო.

იმასაც ამბობდი, 
ირგვლივ მოწყენილი ცა აკრავს,
თითქოს საცაა უნდა იწვიმოსო.

შენ ბევრ რამეს ამბობდი...
მე გიყურებდი,
ვიღიმოდი,
ვმუნჯდებოდი.

ახლა სიჩუმეს ვნანობ,
ამიტომაც ხშირად გელაპარაკები.

სამწუხაროა,
პასუხს ვერასდროს გამცემ.

შენ ახლა 
ღრუბლებისგან შეკერილი კაბა გაცვია.

შენ ახლა
მხოლოდ წვიმის წვეთებით მეხები.

შენ ახლა
ძალიან შორს ხარ
და ამავე დროს

შენ აქ ხარ!
შენ აქ ხარ!
შენ აქ ხარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი