ვირთხების ქალაქი ( თავი 2)


ნაწილი მეორე
მას შემდეგ, რაც სამ სხვადასხვა ტრანსპორტს გამოვიცვლი, ბოლოს და ბოლოს მარტინ ლუთერის გაჩერებაზე ჩამოვდივარ. ეს ამერიკელი „სიზმარა“ მარტინი არ გეგონოთ — ეს ის მარტინ ლუთერია, იქვე რომ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა. სწორედ მისი სახელობის გაჩერებასთან არის ჩემი თავშესაფარი.

ეს თავშესაფარი, ჩემ გარდა, კიდევ 200 კაცისაა და ამით მის დაკნინებას სულაც არ ვცდილობ, რადგან ჩემი თავშესაფარი ძალზედ კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ძალიან შორსაა. სამაგიეროდ, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რაიონია, ხოლო რაც შეეხება ვირთხებს — ისინი აქ პრაქტიკულად არ არიან.

მე-14 რაიონი, ანუ ლაროში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. აქ უკვე ორი თვეა ვცხოვრობ და საკმაოდ ბევრი გავიგე ჩემი ახალი მეგობრის, ლუის წყალობით. ლუი ძველი ლაროშელია — როგორც ამბობს, მთელი ცხოვრება აქ გაატარა და ძალიან იშვიათად თუ ტოვებს საყვარელ უბანს.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი ლუის საკუთრებაა. მიწა, სადაც ჩვენი კორპუსი დგას, იჯარით აქვს მიცემული იმ კერძო კომპანიაზე, რომელიც საფრანგეთში ჩამოსულ უსახლკარო ემიგრანტებზე ზრუნვაში ათენ-აღამებს. ალბათ, საკმაოდ დიდ ფულსაც უხდიან, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ლუის, რომ თავისივე მიწაზე მებაღედ იმუშაოს, გაალამაზოს საკუთარი ეზო და ამ ყველაფერში დამატებით კიდევ ხელფასი „წაგლიჯოს“ ამ „წმინდანთა შპს“-ს.

ალბათ, ასე არასდროს მოიქცევა არცერთი ქართველი, მაგრამ ფრანგებმა რატომღაც არ იციან უსაქმურობის ტკბილი გემო, სასიამოვნო ძილის ფასი — მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ თვეში დახარჯულს სულაც არ ნანობ, რადგან შემდეგ თვეშიც ჩაგირიცხავენ, იმის შემდეგშიც და ა.შ. მაგრამ რა გინდა — ფრანგებს თავისებური წყევლა აქვთ: მათ თითქოს დახარჯვის ეშინიათ. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არასდროს დახარჯავენ — სულ რომელიღაც „შავ დღეზე“ ზრუნავენ, რომელიც, მათი აზრით, წინ ელით.

ყველაზე გასაკვირი ჩემთვის კი ის არის, რომ ლუიც ჩემსავით 90-იანების შვილია, თუმცა საფრანგეთში თითქოს 90-იანები არც ყოფილა — მე ვფიქრობ, საფრანგეთი 1989 წლის შემდეგ პირდაპირ 21-ე საუკუნეში გადახტა.

თორემ ასე რომ არ იყოს, ლუის ისიც კარგად ეცოდინებოდა, რომ „შავ დღეს“ პირობითად კი არ ჰქვია შავი — ის ნამდვილად შავია: ბნელი, რომელსაც ლამპის შუქი მხოლოდ იმდენად ერევა, რომ დღევანდელობა დაგვანახოს.

ამიტომაც არ ვიხედებით არცერთი ქართველი 90-იანელი წინ. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ გეგმებს, რადგან ის ბავშვობის შავი დღენი ჩვენ მომავალ დღეებსაც გადმოსწვდა. გადმოსწვდა და შეგვიღება კიდეც, წინასწარ მუქად. ეს იმას ჰგავს, მხატვარი რომ ცარიელ ფურცელზე რაღაც ფერს წაუსვამს, რათა შემდეგ ზედ დადებული ნებისმიერი ღია ფერიც კი მუქად გამოჩნდეს.

ამიტომაც ცოტა ჩვენებურად უყურებთ ყველაფერს. ასეა, მეცნიერულად ყოფილა დამტკიცებული თურმე, რომ არეულობისა ან ომის პერიოდში გაზრდილი ადამიანები ნაკლებად სახავენ გეგმებს თურმე შორეულ პერსპექტივაში. რადგან მათ კარგად მოეხსენებათ ცხოვრებისა ამაოება და ხანგრძლივობა წუთის სოფელისაო. შეიძლება ესეც იყოს ჩემი თაობის მთავარი უბედურება.

აი, ამიტომაც, აბა, რა იცის ლუიმ ნამდვილი უდარდელი წამოწოლის ფასი? უდარდელად დახარჯვის ფასი?

ხოდა, ასეა — დაწყევლილი მარტო ლუი კი არაა, არამედ მთელი ევროპა. მეც არ ვაჭერ მაზოლზე მეგობარს ფეხს და ვიღებ მის „წყევლას“ განკითხვის გარეშე, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მიიღებდა.

მით უმეტეს, რომ წყევლის გარდა, ლუის ბევრი დადებითი ჩვევა აღმოვაჩინე. ეს მას შემდეგ მივხვდი, რაც კარგად გავიცანი. ლუის სიგიჟემდე უყვარს თავისი საქმე და შეიძლება ითქვას, ყვავილების დარგვა და მოვლა მისი მოწოდებაა. არა მარტო ყვავილების — მებაღის პროფესია საკმაოდ რთული და საინტერესოა. ამაში მეც თავად დავრწმუნდი, როდესაც ორი დღე ვეხმარე ლუის საკუთარი ინიციატივით.

უფრო სწორად, როგორც ის ამბობს, ორი დღე გამიძლო ლუიმ და მესამე დღეს მითხრა:

— ბაკა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. სასმელს ისე იტან, თითქოს ღმერთმა გაკოცა ღვიძლზე. არც პოლიციაში ღამის გათევა გიწევს ხშირად, რაც იმას ნიშნავს, რომ არც შენი საქმე იცი ცუდად. ხოლო რაც შეეხება მებაღეობას — დამიჯერე, შენი საქმე არ არის. მოდი, ნურც მე მომიშლი ნერვებს და ნურც ჩვენს მეგობრობას გადავაყოლებთ ამ ყველაფერსო.

მეც სასწრაფოდ დავუჯერე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე, რომ იმ საქმის კეთება დამეწყო, რის კეთებასაც ამ ქვეყნად ვერავინ დამიწუნებდა და რაც ორივეს კარგად გამოგვდიოდა. ჰოდა, ავდექი და დონ პაპას მორიგი ბოთლი გამოვიღე.

საფრანგეთში ლუი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ნამდვილად დავუმეგობრდი. თავიდან ჩემმა უსაქმურად დარჩენამ და ლუის დალევისადმი მიდრეკილებამ უფრო დაგვაახლოვა, მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, დალევისას ადამიანს უკეთ რომ გაიცნობ და საერთო ინტერესებიც გამოჩნდება. პლიუს, ჩემდა გასაკვირად, ლუი კარგი მოაზროვნე და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არანაკლებ კარგი თამადა გამოდგა. მეც მეტი რა მინდოდა.

ასე რომ, როცა ევროპაზე ხელი ჩავიქნიე, საქმიანობაც დავამთავრე და წასასვლელად გავემზადე — სწორედ მაშინ შევიძინე ნამდვილი მეგობარი.

მხოლოდ ის კია, რომ აგერ უკვე ერთი კვირაა ლუი წასულია და ძალიან მომენატრა. თანაც რაღაც საქმეზე, რომელიც რატომღაც არანაირად არ გაამჟღავნა. ჩემი ვარაუდით, ხვალ-ზეგ უნდა გამოჩნდეს კიდეც. თან ინტერესით ვკვდები, თან კი ცოტა კიდეც მეშინია, რადგან არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება იმ სიურპრიზზე, რომელიც ახლად გადმოსულმა ორმა აფრიკელმა ძმამ პირდაპირი გაგებით მოუმზადა თავისდა უნებურად... ამაზე მოგვიანებით...

ამასობაში აღმართსაც ავდივარ და საერთო საცხოვრებლის ეზოში შევდივარ...

საერთოდ, ასეთ თავშესაფრებს საქართველოში ხშირად ციხეებსაც კი ადარებდნენ, თუმცა მერწმუნეთ, ეს არასწორია. ჩვენი საცხოვრებელი ციხეს არაფრით ჰგავს — თუ მაინცდამაინც გინდათ, შეიძლება კოლონიას მიამსგავსოთ, მხოლოდ მის ღობეზე გავლებული მავთულხლართის გამო. ესეც გარედან ერთი შეხედვით; თორემ საერთოდ ჭიშკარიც კი არ გვეკეტება, არც დაცვა გვყავს და, საერთოდ, თავში ქვა გიხლია, თუ მეზობელს არ აწუხებ და თუ შეაწუხე, აქაური საზოგადოება, დამერწმუნეთ, პოლიციაში არ გაიქცევა — ასეთ ამბავს შეიძლება რამდენიმე კაცის მსხვერპლიც კი მოჰყვეს. თუმცა ასეთი გაუგებრობა ბოლოს 5-ოდე წლის წინ მომხდარა, როდესაც ორ ავღანელ ემიგრანტს სამი აფრიკელი შემოაკვდა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით. ამბობენ, მას შემდეგ კარგახან ყოფილა დაკეტილი თავშესაფარი და დრო და დრო ძლივს მისცეს უფლება, ხელახლა გახსნილიყვნენო.

ჩვენ საერთო საცხოვრებელს დიდი ეზო აქვს, საუცხოოდ მოვლილი ბაღით, რაც, როგორც უკვე გითხარით, ჩემი მეგობრის — ლუის — დამსახურებაა. ზოგადად, თუ გაინტერესებთ, სამსართულიანი კორპუსი ეზოს შუაში დგას ისე, რომ სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მანქანითაც კი შემოუაროთ.

ეზოს უკან მიტოვებული, ნახევრად ჩამოშლილი შენობაა, რომელიც სულ მცირე 200 ან 300 წლის მაინც იქნება. ის ძველებურ ანგლიკანურ ან კათოლიკურ ეკლესიას წააგავს, ჩემი აზრით — ახლა კი ხუთ საფეხურსაც ავივლი და უკვე შენობის მთავარ შესასვლელში შევდივარ. კარის გავლისთანავე უნებლიეთ ბანერს ვუყურებ და მეღიმება. ხო, მართლა, ძნელია ამ ბანერს გულგრილად ჩაუაროს კაცმა. ამაში თქვენც მალე დამეთანხმებით.

საერთოდ კი, ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ბანერი ტელეშოუ „რა, სად, როდის?“-ის გუნდს ვაჩვენო და იმაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მაგისტრის ექვსეულიც კი ვერასდროს გამოიცნობს იმ წარწერას, რაც ამ ბანერს ქვემოთ, სხვათა შორის, ორ ენაზე აწერია. აწერია. რა აწერია, ვთქვა? თუ დავწერო? კარგი, გეტყვით — მოკლედ, უშველებელ დიდ ბანერზე ასევე უშველებელი თეთრი უნიტაზი ხატია, რომელიც უშველებელი წითელი ზოლებით ჯვარედინად არის გადახაზული, ისე, სიგარეტის ამკრძალავ ბანერებზე რომ გინახავთ, ალბათ. ქვემოთ კი ორ ენაზე, ფრანგულად და ინგლისურად, წერია: „აქედან წყალი არ დაილევა“.

ამ ბანერის დაკიდება აუცილებლობამ გამოიწვია, თორემ დირექცია ეხლაც შიშით შეჰყურებს. ეშინია, ვინმე იდეინმა ლიბერალმა სურათი არ გადაუღოს და დირექცია რასიზმში ან კიდევ დისკრიმინაციაში, ან სულაც ორივეში ერთად არ დაადანაშაულოს. თუ რატომ გახდა აუცილებელი, ამას გიამბობთ. პრინციპში, ეს ისტორია ისე გავარდა, უკვე საზღვრები აღარ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამასწინად ერთ-ერთმა ალბანელმა შეცვლილი, შელამაზებული მომიყვა და დააყოლა, შვეიცარიაში მომხდარაო. უშუალო მონაწილე რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ მეც დავიჯერებდი.

ეს ამბავი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. მაშინ, როდესაც ჩვენი საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახს ახალი მობინადრეები ესტუმრნენ. ჩვენი სტუმრები ტანად ნამდვილი გოლიათები, ბუნებით კი ძალიან ზრდილობიანი და მშვიდი ძმები აღმოჩნდნენ. უბატონოდ ხმას არავის სცემდნენ, თუმცა ისეთი შესახედაობა ჰქონდათ, ადამიანი გვერდზე რომ გაუვლიდა, იმითაც მადლიერი რჩებოდა, რომ მშვიდობით გაცდა. ეს ხუმრობით, თუმცა შესახედაობით მართლაც შეგეშინდებოდა ადამიანს. პლიუს, საშიში სახის მოყვანილობასა და გამოხედვასთან ერთად, ნამდვილი გოლიათები რომ იყვნენ, ეს უკვე აღვნიშნეთ.

სხვათა შორის, იმ დღეს გარეთ არ გავსულვარ, ამიტომაც ახალი მობინადრენი ყველაზე პირველად სწორედ მე გავიცანი და ცოტა ხნით სახლშიც კი შევპატიჟე. ეს უფრო იმიტომ, რომ ჩემი ოთახის მეზობელიც აფრიკელია — ნიგერიდან — და ერთმანეთს გავაცანი.

დიახ, ნიგერიდან და არა ნიგერიიდან. ნიგერია დიდი ქვეყანაა ცენტრალურ აფრიკაში, ხოლო ნიგერი, როგორც ჩემი მეზობელი გაბუ მეუბნება, ძალიან პატარა სახელმწიფოა სადღაც მანდვე. ჩემი მეზობელი გაბუ მაგარი კაცია და ხშირად მიყვება ხოლმე თავისი სოფლის ამბებს. თავიდან არ ვუჯერებდი — მეგონა, მამასხარავებდა, როცა მიყვებოდა, როგორ მოჰქონდა ხოლმე დასალევი წყალი 30 ან 40 კილომეტრიდან, რა დროსაც ხშირად მშიერ ლომსაც გადაყრია ხოლმე. უახლოესი სოფელი 30 კილომეტრით იყო თურმე დაშორებული მის სოფელს.

ახლა, მართალია, ცოტა თემას ავცდით, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ, რომ ჩვენს საერთო საცხოვრებელს საკმაოდ ბევრი თანამშრომელი ჰყავს. მათ შორის არის ერთი ძალიან კარგი კაცი — завхозი გალი, რომელსაც გელა დავარქვი. რადგან გალის ნამეტანი არ გაუპროტესტებია თავისი ახალი სახელი, მალე სხვებმაც აიტაცეს და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თვითონაც ადვილად შეეჩვია.

მოკლედ, გელას ეხება ყველაფერი, რაც შეიძლება დაზიანდეს ჩვენს საერთო საცხოვრებელში — დენის გამორთვიდან დაწყებული, თეფშის გატეხვით დამთავრებული.

ეს ამბავი კი კვირა დღეს მოხდა, როდესაც გელა ისვენებდა...

დილით ახალი გადმოსახლებული ძმები თურმე უფროსის კაბინეტს მისდგომიან. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს დირექტორს ანტუანი ჰქვია და ძალიან წყნარი და ინტელიგენტი ადამიანია.

ანტუანთან თურმე ძმებმა საკმაოდ მკაცრი ტონით დააყენეს საკითხი, რასაც დირექტორის აშკარა აღშფოთება გამოუწვევია.

— კი, მაგრამ ეს რა უბედურებაა, ასე ცხოვრება როგორ შეიძლებაო! — მიმართა თურმე უფროსმა ძმამ.

დირექტორი გულწრფელად შეწუხდა თურმე. — რა ხდება, გამარკვიეთ, რით შემიძლია გემსახუროთო.

— თუ შეიძლება, არა, რით შემიძლია დაგეხმაროთო?

უფროს ძმას მოუხსენებია, დასალევი წყალი ბინძური მოედინებაო და, უკაცრავად ვარ, და ფეკალიების სუნიც კი მოყვებაო, დაუმატებია უმცროსს. რასაც ძალზედ გაუბრაზებია უფროსი ძმა. არა იმიტომ კი არ გაუბრაზებია, რომ რაიმე იცრუა თურმე, უბრალოდ იმიტომ, რომ ძმის დაუკითხავად ჩაერთო უმცროსი ვაჟი საუბარში. მოკლედ, ძმის ასეთი თავხედობისათვის დიდი ბოდიში გადაუხდია უფროს ძმას, თუმცა იქვე დაუმატებია: მოვიდეს, ის გელა არის თუ გალი, და გაარკვიოს ადგილზეო.

მოკლედ, საქმე იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო, სამწუხაროდ, დირექტორს მაინც უნდა მოეხერხებინა რამე. რა უნდა ექნა, ამდგარა და საკუთარი მანქანით წასულა ქალაქის მეორე ბოლოში გელას მოსაყვანად. იმ დღეს უსაქმურად ვიყავი და, ისევე როგორც წინა დღეს და ასევე იმის წინა დღეს, კალიდორში ვმოძრაობდი, როდესაც გალი შევნიშნე. მიუხედავად იმისა, რომ ვითარების აზრზეც არ ვიყავი, რაღაც ფორს-მაჟორი რომ უნდა ყოფილიყო, მაშინვე ვისქესე. გელას ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.

— ბაკა, გთხოვ, შენ ინგლისურად კარგად ლაპარაკობ და, თუ შეგიძლია, აფრიკელ ძმებთან შემყავი, რაღაც პრობლემა ჰქონიათო.

იმ წამსვე მივხვდი, რომ ინგლისური არაფერ შუაში იყო — გალის ეშინოდა აფრიკელებისა, ადრე მომხდარი ინციდენტის გამო. ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი და ყოველი შემთხვევისათვის წინ გავუძეხი. შესვლისთანავე მე და გელამ ყავაზე უარი ვთქვით და პირდაპირ საქმეზე გადასვლა მოვითხოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძმებს პირველად არ ვხედავდი, მაინც ძალზედ დავიძაბე, რადგან ახლა წელზემოდ შიშვლები უფრო დაკუნთული მოჩანდნენ, მგონი. უკან რომ შემოვბრუნდი, აი, დაძაბვა იქ მკითხეთ, რადგან გელა პირდაპირ გაქვავებულიყო, პირაღებული, და იმასაც ვერ ვხვდებოდი უკვე, საით იხედებოდა. მივხვდი, რომ გელა საერთოდ აზრზე არ იყო და არც არასდროს ენახა ძმები, ამიტომ ხელი თვალებთან მოურიდებლად გავუქნიე: ალოო, გელა! გელა გამოფხიზლდა და რაღაცის თქმაც დააპირა, თუმცა უფროსმა ძმამ საჩვენებელი თითი ტუჩებზე დაიდო და ჩუო ანიშნა. შემდეგ ხელი ვანისაკენ გაიშვირა და შედიო ანიშნა. როგორც ჩანს, გელა პრობლემის აზრზე იყო ასე თუ ისე და მისი მოწოდება დააიგნორა და ონკანისაკენ გაემართა საპირისპიროდ, უფრო სწორად, საპირისპირო მიმართულებით ერთი ნაბიჯი, თუმცა უმალვე უფროსმა ძმამ გელას ბეჭზე ხელი დაარტყა.

გელა ჯერ შეირყა, შემდეგ კი ადგილზე გაშეშდა და ტკივილისგან ოდნავ დაიჯღანა კიდეც. მერე კი, ბავშვობაში სათამაშო ჯარისკაცებით შეტევის მიმართულებას რომ უცბად შევცვლიდით ხოლმე, თუ გახსოვთ, მასპინძელმა გელა ზუსტად პლასტმასის პაწუკა ჯარისკაცივით შემოატრიალა და ისევ ტუალეტისკენ მიუთითა.

შემდეგ კი გაოცებულ და უკვე საკმაოდ შეშინებულ გელას ტუალეტისაკენ პირველი ნაბიჯები ძალით გადაადგმევინა და აი, ტუალეტში შესულ გელას კი მეორე უმცროსი ძმა დახვდა, რომელიც სიმაღლით უფრო დიდი იყო და მეც ასე დავიმახსოვრე. გელას ისეთი სახე ჰქონდა, თვალებით ეხვეწებოდა: „ძალადობა რა საჭიროა, ისედაც ყველაფერს გავაკეთებო“.

მეც და, განსაკუთრებით კი, გელა ძალიან დავიძაბეთ, მაგრამ უფრო მეტად უკვე ინტერესი გვაწუხებდა, გვაინტერესებდა, რაში იყო საქმე, რადგან, მათი საქციელით თუ შევაფასებდით, ამ ამბავში სულ მცირე გელას მაინც მიუძღოდა ბრალი, მაქსიმუმ კი მეც. თუმცა მე რა შუაში ვარ. მე ხომ იქ შემთხვევით ვიყავი მისული.

მოკლედ, დიდი ხანი ლოდინი არ დაგვჭირდა. უფროსმა ძმამ უცებ უცნაური ჟესტი გააკეთა — მარცხენა ხელი მოხარა, მარჯვენა კი უნიტაზისკენ გაიშვირა და, ბავშვები რომ ლექსის მოყოლას დაიწყებენ ხოლმე — დაახლოებით ისეთი ტონით მიმართა გელას:

— მიბრძანდით და უსუნეთ, ბატონო!

მე წავიფხიკენე, მაგრამ სიცილის შეკავება მაინც შევძელი.

შემდეგ ჩვენ შემოგვხედა და, როცა ერთი წუთი გაოცებისაგან პირაღებულ გელას უცქირა, თვითონვე განაგრძო:

— უსუნეთ, ბატონო, რა გაოცებულხართ? ჩვენ აქედან დალევას გვაიძულებთ და თქვენ ყნოსვას უკადრისობთ?

გელამ თვალი გაშვერილ ხელს გააყოლა და, რომ დარწმუნდა, აშკარად რომ უნიტაზზე უთითებდა, ისეთი სახით შემომხედა, თავის შეკავება უკვე ქარმოუდგენელი იყო. მთელი ძალით გადავიხარხარე და, სიცილით რომ არ გავგუდულიყავი, კალიდორისაკენ წავედი. სული რომ მოვითქვი, რა თქმა უნდა, უკან დავბრუნდი. საწყალი გალი ისე დაპატარავებულიყო, შემეშინდა, საერთოდ არ გაქრეს-მეთქი.

მოკლედ, როცა უკან შემოვედი, მივხვდი, რომ ძმებს სულაც არ ეცინებოდათ და ბევრს ფიქრობდნენ და წვალობდნენ, რომ რაღაც ინფორმაცია როგორმე ჩვენამდე მოეტანათ და ჩვენს პატარა ტვინში ჩაედოთ. თანაც, ხუმრობა იქით იყოს და, მართლა შემეშინდა, გელას არაფერი დამართნოდა ამდენი გაუგებრობისა და ნერვიულობისაგან.

გადავწყვიტე, რომ პასიურობის დრო აღარ იყო და, როგორც ჩემ ჭაბუკობაში შევარდნაძის მთავრობისგან დაღლილმა სტუდენტებმა ერთხმად წამოიძახეს, მეც ასევე შევძახე:

„კმარა!“

მოიცადეთ.

ცოტა ზედმეტი მომივიდა, ჩანს, რომ წამოვიყვირე, რადგან ყველამ უნებლიეთ შემომხედა. ბოდიშით, წყნარი ხმით დავაპირე შეცდომის გამოსწორება:

— უკაცრავად, მაგრამ თქვენვე თქვით, მემგონი, წეღან, რომ ვიღაც, ბოდიშით, და ცუდი ადამიანი აქედან წყლის დალევას გაიძულებთ? ცუდი ადამიანი მე დავამატე მათი კეთილგანწყობისთვის.

ამის გაგონებაზე გელა გააქტიურდა.

— მე არაფერ შუაში ვარ, ბატონებო, ვფიცავ! მითხარით, ვინ არის ის, ის გაიძვერა! — აშკარად შეცვალა ბოლო სიტყვა გელამ.

— მითხარით, ვინა? — განაგრძობდა გელა ხტუნვას. ძმები კი ისეთი გაოცებით გვიმზერდნენ, ალბათ, მათ რომ შეხედავდა საქართველოში ხალხი დაახლოებით ისე.

— არა, არა, იცით, თქვენ არასწორად გაგვიგეთ. ჩვენ თავად მივირთმევთ წყალს, მაგრამ, ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, წყალი ბინძურია, ამიტომაც გვიჭირს დალევა და იძულებულებიც სწორედ ამიტომ ვართ, — მოგვახსენა უფროსმა ძმამ.

შემდეგ გაჩერდა, ეტყობოდა, ნათქვამს აანალიზებდა, ღრმად ამოისუნთქა და დააყოლა:

— დიახ.

პატარა პაუზის შემდეგ გელამ ნაბიჯი გადმოდგა, ხელი უნიტაზს მიაშვირა და ძმებს ახედა.

— მოიცა, აქედან სვამთ? — თქვა და გაკვირვებულმა მე გადმომხედა.

— ანუ, და აქედან დალევა გიჭირთ? — დავუმატე შეკითხვაზე კითხვა მეც.

— დიახ და დიახ, მართლაც ძალიან გვიჭირს, — მშვიდად და, ალბათ, იმისგან გახარებული, რომ, როგორც იქნა, გავიგეთ პრობლემის არსი, გვიპასუხეს ძმებმა.

— მოიცააა!

ახლა გელა გამოერკვა და დაწინაურდა.

— წყალს თუ აქედან სვამთ, მაშინ ტუალეტში სად დადიხართ?

ჩამჭრელი კითხვის დასმით კმაყოფილი გელა პატარა ბიჭისავით შეხტა სიხარულისაგან. ახლა უკვე გამარჯვებული სახით უყურებდა გოლიათს და ორივეს ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მივხვდით — ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვიღაცის, რომლის მიზანიც ჩვენი გამასხარავება და გაბითურება იყო, და უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ამოუვიდა გელასთან მაინც.

ხო, ხო, აბა სად დადიხართ ბოლოს და ბოლოს დიდზე? — დავაკონკრეტე მე და, როგორც ვფიქრობდი, კონტროლი გავისროლე.

ჩამჭრელი კითხვის დასმით კმაყოფილი გელა პატარა ბიჭისავით შეხტა სიხარულისაგან. ახლა უკვე გამარჯვებული სახით უყურებდა გოლიათს და ორივეს ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ ყველაფერი მორჩა. მეც გავთამამდი, დიახ, აბა სად დადიხართ ბოლოს და ბოლოს დიდზე? გასაგებია, ცოტა კი გვანერვიულეს, მაგრამ მათი ფანდი გაშიფრულია და ახლა დროა აღიარონ, ვამბობ მე და ძმებს ვუბრუნდები: კარგით, ჰა, აღიარეთ ეხლა, იმედია, ეს თქვენი სპექტაკლი გალის ამ სიშორედ გამოსაყვანად ღირდა.

თუმცა იმ დღეს მე და გალის სიმშვიდე არ გვეწერა, როგორც ჩემი იმერელი ბებია იტყოდა, შენც არ მამიკვდე.

ისევ ყველაფერი დროებით იყინება. ისევ ეს ოხერი გაგინული 2 წუთი. ძმები ერთმანეთს პირაღებული შეჩერებიან, შემდეგ უფროსი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს უმცროსს. მგონი, ამ ჟესტით ანიშნებს: მიდი, შეგიძლია უთხრაო.

ისიც დგება და ფანჯარასთან მიდის, შემდეგ ჩვენსკენ, ჩვენკენ ტრიალდება.

მე და გელა ნელი ნაბიჯებით, გვერდიგვერდ მდგარი, მივემართებით ფანჯრისკენ. უმცროსი ძმა ფანჯარაში იჭვრიტება და ხელს ლუის ერთი წლისა და 90-დღიანი მუშაობისა და წვალების შედეგად გამოყვანილი რაღაც ულამაზესი გედის ფორმის ბუჩქისაკენ იშვერს.

— აი, იქ დავდივართ ტუალეტში, მეგობრებო, სახლში მოსაქმება რა მოსატანია, თქვენ ჩვენ ველურები ხომ არ გგონივართო? — წარმოთქვა უმცროსმა ძმამ და უფროსს ახედა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი