მზეგასაყართან


მზეგასაყართან

                          
 
                ( ამ სიტყვებს ყვიროდნენ  მისი მომაკვდავი  თვალები    იქ... სარეცელზე.....  ) 🍁🍂🍁🌾🪵🍂🍁

             
წვიმხარ!  და გინდა გადარჩე! ნატრობ
რომ ირგვლივეთში შენი მყოფობა
მიჰგავდეს ამ თქეშს, გვალვაში--ტაროსს
დროის ბატონთან შენი მონობა
იყოს გრძნეული სიზმარი მხოლოდ,
და ვინმეს ცრემლიც,სადღაც რომ გლოვობს
იყოს ნაღამევ ფიქრის  ზმანება!

რომ მოსასვლელი დღეთა სავსება
ავსებდეს ცარიელს. მოსავალს ხვავრიელს
ზიდავდე პირთამდე თავმოკრულ ხონჩებით
და მერე სამდურავს შენსას რომ მორჩები,
ზღვას რომ ამოხაპავ უტუჩო ტოლჩებით
 ოცდები...
რომ ცოტა ხნის წინ არც იყავ მხოლოდ...
რომ როცა შენი სახის ნაკვთებით
მზისღა თვალებში დარჩები ბოლოს
პასუხს ამისთვის ვერავის მოსთხოვ
და რომ სადმეში გადიკარგები!

რომ დილის ცის ქვეშ შენც გაქვს ადგილი,
შენს არქმევ ამ სახლს,ამ ხეს,ამ სუნთქვას...
და გულის გუგუნს შეკრულ ღილებით 
ამწყვდევ უბეში როგორც ნაქურდალს.

რომ გინდა ხანაც დელგმამ დაგწვიმოს!
მერე დილისკენ ღამემ გაგწიროს
როგორც აბელმა პირმშო ნაწირი,
რომ შენი ტანის ყველა ნაწილით
მის ცრემლის წვეთში ჩაწვე ჩვილივით,
ცეკვავდე სევდებს დამცხრალ ტკივილის.

გადაწერ დღეებს,რომ ვეღარ გსდევდეს
სამყარო-სევდის სიცილი ცეტი,
იარო, თუნდ არ შეგეძლოს მეტი!
დაგესხას ყოფნა-არყოფნის რეტი -

რომ დილის ცის ქვეშ შენც გაქვს ადგილი,
შენს არქმევ ამ სახლს,ამ ხეს,ამ სუნთქვას,
და გულის გუგუნს შეკრულ ღილებით
უბეში იმწყვდევ ,როგორც ნაქურდალს.

2022. ენკენისთვის მიწურული.
     
ივლიტა გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი