აპრილი


აპრილი

გამომზისგულდი! გამოდი! ნახე!
ატმის კვირტებთან მზე ფერხულს ცეკვავს!
ნასახლარებსაც, მთქნარებანაჩვევთ,
ოქროს ბოხოხი დაჰხურა ცერად!

გამომზისგულდი! გაფინე მზეზე
ობმოდებული აფრა ოცნების,
ნამეხარებიც წამოდგნენ ზეზე
და გამოისხეს თოთო ყლორტები!

გამოდი! თითქოს ცამ მიწა იძმო,
სულ მტკაველ-მტკაველ ზომა ჩავლილი,
და გახსენებას იმ დღისას ცდილობს,
როცა პირველად ნახა აპრილი...

ცა საღამიოდ, ვიდრე ჩირაღდნად
მოუხმობს მნათეს შეფიცულივით,
გამოყვითლდება ვიდრემდე ციდან
ნააღდგომევზე კვერცხის გულივით,

გამომზისგულდი! აპრილი გარეთ
მარულას აწყობს დღეს სისხლის რბოლის,
მთები მხარგაშლით სალმობენ გამჩენს
და ნაზამთრალებს ცად ასდით ბოლი!
     

              ივლიტა გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი