სიზმარ-ცხადი


სიზმარ-ცხადი 🍁🍂🌱🌾

ძილ-ღვიძილს შორის მდელოა,
დრო რუ-წყალივით მდინარებს,
გახედავ ხან ხელჯოხით ხარ,
ხან- ჩვილი შალში მძინარე.

ძილ-ღვიძილს შორის მდელოა,
ფარდაგებ გადანაგები,
გინდა ღრუბლებში აგაფრენს,
გინდა ბალახქვე გაგებით
გარწევს და აუცნაურებს,
თუ რამე ქვეყნად გინახავს,
ხან სულის ბერვით გაამებს,
ხან გულის პირას გინახავს.

ძილ-ღვიძილს შორის ნისლია,
სანატრი სანახავებით,
ხმებია რბილი სალბივით
ზედ ტანზე გადამფარები,
ხან დედის სახეს დალანდავ,
მამის ხმა გეძებს ძახილით,
გიგანებს,განზე გადგება
გულნაქცევ პატარძალივით
დღეები უშენთავისო.
სუნთქვაც ამ ნისლით აივსო.

აქ გზაზე თავის თავისკენ,
ცივცისფერ ძარღვებს აივსებ
შენითვე.რომ კვლავ შენივთდე,
აღარ გაიბნე ზედიზედ.

ძილ-ღვიძილს შორის მდელოა,
დრო აღარსაით მდინარებს...

ივლიტა გოლეთიანი  

 2022.  ენკენისთვე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი