ლეჩხუმს


ლეჩხუმს 

(ნაკურალეშს)

აქ ცაა უფსკერო,ქვევიდან უცქერის
შორი მარგალიტი ჯერ თვალთგან უჩენი,
ხვამლის მინაბული, მწვანე საოცრება
-- ამხდარი ოცნება !

ეს ქოხი ხე-მორის,ყავარდანახური,
რამდენი ამბის და ჭირ-ვარამნახული,
ძველი საცეხველი,სიმინდით სავსე
რად მიყვარს ასე ?!

აქ,დილის ნისლი დგას,როგორც ლიბრი,
ფერებში მიტკლის,უცქერ და გიკვირს,
რომ დროის იქით დგას რაღაც დიდი,
არის და თანაც არ არის თითქმის!..

აქ,გოლიათი ხეების ჯერი,
ხვამლი ზვიადი -- უენო მჭევრი,
დაგაჯერებენ--"ამირან ხვნეშის!"
და ნატერფალებს დაეძებ ლელში!

რომ მიჰყვე კვალ-კვალ ახდენილ       ზღაპრებს,
მითებს და ამბებს,ჩავლილ წყლებს,ქარებს...
რომ საოცარი სიმღერა მისი
მარადიული ბავშვობის ჰიმნის,

შემოგეყაროს მოკირწყლულ გზაზე,
ჩამოგასვენოს მზენაფიცხ ქვაზე,
და გიცნოს ,როგორც ათას წლის მერე
და შენთან ერთად გაუყვეს ხევებს!

თან ბუმბერაზი,ხარ თანაც ჩვილი,
ცაში აჭრილი კლდეების შვილი,
უმჯობეს რამეს სად იგრძნობს გული?!
ეს არის წყალიც! ეს არის პურიც!

აქ, შენ ხარ შენთვის და ხარ ყველასთვის,
თვითონ ხარ ფესვიც,თვითონ-- ვენახიც !
აქ,გჯერა ზღვაზე გადებულ ხიდის !
ბაგეს მომწყდარი - ყოველი სიტყვის!

აქ,იშვი თითქოს არ გახსოვს როდის ?!
იყავ, იქნები უხსოვარ დრომდის !
აქ, არ არსებობს ზღვარი და კიდე !
ისე ახლოა, ცას მისდგამ კიბეს !

ივლიტა  იკა. გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი