ქარი ქუჩაში


ქარი ქუჩაში

დღე უნებურად უჩქარებს ნაბიჯს,
ხორხიდან დახსნილ ბგერებს აგროვებს,
და ეშმათფერა ფიქრების ჩათვლით
სუყველა ვნებას ასამყაროებს !

რად გამორბიან ჩემსკენ სახლები?!
(ვერსად კი ვხედავ თუმცა მარეკებს...)
და საალერსოდ ხელებს გაშვერილს,
ფიალჯამივით დაცლილს ვაჩეჩებ.

თითქოს სამყარომ,დღეს ნათუხთუხარს
ნისლი მოქაფა,ცეცხლზე-თუჯივით,
უკვე გამყარა სიტყვებს მუხთლურად
და ვიშველიებ ხელებს მუნჯივით.

ქარს სახრესავით გადაკრავს ხეებს,
გააყრევინებს ვიდრემდე ნუჟრებს,
ტოტებზე წითელ ფოთლების ცეცხლიც
ალიყურივით შემოჰკრა მუხებს.

გაირბენ ჩიხებს,დაგაწევს ვიდრე,
მოგხვდება ვიდრე სამყაროს ტერფი,
მეხამრიდებად აღმართავ ფიქრებს,
მობაგიბუგობს სამყარო ფეთქვით.

რომ ბოლობოლო შეკრა კამარა,
ბოლო მოუღო თავთან თარეშებს,
ეს აფრენაა ლოცვის ამარა,
ეს გაფრენაა ფრთების გარეშე!

დღეც უნებურად უჩქარებს ნაბიჯს,
ხორხიდან დახსნილ ბგერებს აგროვებს,
და ეშმათფერა ფიქრების ჩათვლით,
სუყველა ვნებას ასამყაროებს!
        

ივლიტა იკა  გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი