გადავრჩეთ ერთად,თავო ჩემო,მომკიდე ხელი


რატომაც არა.. (ერთადერთს - ვინც  ყველგან და ყოველთვის ჩვენთან რჩება… ) 

@ @ @

გადავრჩეთ ერთად,თავო ჩემო, მომკიდე ხელი,
განაპირებულს გუგუნიდან გამინდვრებამდე,
დრომოღლილს  მკლავზე მიაკვანე  ვიაროთ  ტევრში 
სულ სხვა დღეების სალაღობოს  და  მონამკალზე

დავდგათ ზვინები  ნამზეური დღეთა საზამთროდ,
დილის ჩაივით ნასვამ ფიქრებს დაატკბობ  როცა, 
შენ ,თავო ჩემო, გამომიხსენ უმისამართო,
და  მისანივით წამიკითხე მიზნების  ოდა…… 

ვერ გადაარჩენ შენ ვერავის ჩემ გარდა -იცი, 
ყველა თავისი თავის თვითონ დადის მესია,
სანამ  კუთხეში  ქვა სიზიფის დაღლილი იცდის
გზაჯვარედინზე სადმე ქუსლთან თუ მოგეწია

ნასფინქსარ ყოფას ასმეერთედ  შეასხა  ხორცი 
უნდა და “უნდას” სუნთქვის გუნდრუკს უკმევდე  სამყოფს,
ვდედამიწელობთ სანამ უნდა იმარჯვო ყოფნით,
შევრჩებით სანამ ნამეხარით გადამსკდარ ტატნობს. 

ჩვენ ,თაო ჩემო, ვინ  გვიყვარდეს  თავისზე  მეტად, 
ჩვენ,თაო ჩემო, რომ გვიყვარდეს როგორც ჩვენებრი, 
დარჩენილებმა ამოკაწრულ გულებზე ლექსად 
უხელთათმანო ამ ხელებით და გახელებით 

ვხატოთ ლექსებად რასაც თვალი თვალხუჭვით ხედავს, 
რის თქმაზეც ენა უარს ამბობს, გული კი ყვირის, 
ეზოში სადაც აღუმართავთ   ჯვარიც და მექაც, 
დალივით მდგარი თმაგაშლილი ტირიფიც ტირის.

სანამ  კუთხეში  ქვა სიზიფის გადაღლილს გიცდის,
დაგორებული სადმე ქუსლთან თუ მოგეწია,
არ ღირს ვაებად თუ ვერ ნახე სახვევი მიტკლის,
შენ არც “პირველი” და არც “ბოლო” არ გაწერია. 

გადავრჩეთ ერთად,თავო ჩემო,
ჩამკიდე ხელი ! 

              #ივლიტა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი