გზავნილი კოსმოსში


ჩემს  ცალეულს
        ანუ  გზავნილი  კოსმოსში

სივრცეს  შერეული,
ჩუქურთმაჩვეული,
ვერ  ვარ  შეჩვეული
პიტალოს  ღიობებს,
ღამეს  და  მღიობებს.
რას  აღარ  ვიღონებ,
თმაში  შესეული  სითეთრით  სნეული
ზღვამ  ეგებ  მიძებნოს  პეშვი  შენეული. 

ფიქრი  სამზეო  და  ფიქრი  ღამეული,
ასეთი  უზღვრო  და  ასე  დალეული,
ასეთი  სხვისი  და  ასე  ჩემეული-
ჩემი  ცალეული !

მხრებზე   მოგდებული,
ნაჩუმ  გოდებული,
ნატვრად  წოდებული,
უბელო  ბედბრუნვის
სიშორე  გებურვის,
სასხვისოდ  რგებული,
მე  აბორგებული,
შენ  ხარ  მოგებული,
 გულსგარეთ  გემდური.
   
 მკერდს  ატატებული,
  უტყვად  ტარებული,
  ქვეყნად  განმსხვრეული,
  გულშიც  ჩატეული.
ხე  დაკორძილი  და
ხე  აშოლტებული,
ნდომა  მორჩილი  და
 ნდომა  ოტებული.
ხმალი  ჩაწვდილი  და
ხმალი  მოქნეული.
 ჩემი  მორევი  და 
 ჩემით  მორეული,
 ჩემი  ახლოი  და
 ჩემი  შორეული --
 სულთქმის  ორეული.
ფიქრი  სამზეო  და
ფიქრი  სამთვარიო,
ასე  მწარეო  და 
ასე  ალალიო,
      ახლა  სად  არიო?!
                       
                                         ივლიტა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი