იყო და არა იყო რა
იყო და არა იყო რა ნასხვისარივით მოიგდო მხრებზე მზემ ღრუბლის თექა და ცხვირ-პირს მალავს, ჰგონია - ერთხელ თუ გაჩნდა ცაზე, აღარასოდეს აღარსად წავა. რძისფერ დილას მახსოვს იყო, იყო,ახლა აღარ არის ფიცარსახლი - ხემოცისფრო, კარღია და ფარღალალი. ბებოჩემი ცისფერთვალა, ტანსავსე და ხელ-ფეხმალი, მახსოვს იყო სხვა ზაფხულებს, ამ გაზაფხულს აღარ არის. კაცი — თვითონ “კრიმანჭული” აქ შვილით რომ ამაყობდა, დაჯდებაო ჩრდილის გულში ამ ეზოში ვაშლს ამყნობდა. საცეხველში ტყდება ტარო მზენასვამი სიმინდების, მუცელსავსე ნაცეხვარით სიმაძღრისგან ირინდები თითქოს, ჩემო საცეხველო, ბებო-პაპის ნატარებო, ჭანჭურის ქვეშ ჭრიჭინებთან ერთად ღამენატარებო. დაიხვნეშა ხვამლმა, სუნთქავს სუნთქვით მრავალჟამიერის -- აგერ ვარო, მართლა იყო რაც იყოო - წამიერიც! რძისფერ დილებს ახსოვთ იყო, იყო, ახლა აღარ არის! ფიცარსახლი- ხემოცისფრო, გულღია და ფარღალალი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი