ეს სახე ვინ შემირჩია?


ეს სახე ვინ შემირჩია

მზეს უთვალავი ნაბიჯების ნავალით შევხვდი —
დღეებჭამია ღამეების ბეწვის ხიდებით.
სუყველა ხვედრი — დაწერილი საკუთარი ხელით —
ცხოვრობს ათადან დაწერილი ცოდნის მიხედვით.

წამოიმართნენ ჩამუხლული ქედები ზეზე,
ჩამოუსიცხავს ივლისის ხვატს ხეზე გირჩებიც.
თვითონ — უმზეო, პირნაფიცხი თაკარა მზეზე —
როცა ღამეებს, ამ გრძნეულებს, გადაურჩები,

ახვალ მიწიდან — ფიქრებისგან ნაძერწი თიხა —
ყოველ ცისმარეს ხელთავიდან ჭიპლარს ხელებით
მოიწყვეტ მისგან, რომ გაიქცე, მაგრამ, გთხოვ, მითხარ,
საკუთარ გზნებებს — უსასრულებს — სად გაექცევი?!

აქ ჩიტი დაჯდა. იქ ტოტებზე ბჟოლები მწიფობს.
მეც მზის ქვეშ ვდგავარ ამ ტერფებზე, ტანმაც მიტია.
დავყავარ ყოველ ცისმარეზე და ვფიქრობ, ვფიქრობ:
ვინ ჩამასახლა აქ, ეს სახე ვინ შემირჩია?!

      /ივლიტა/


აგვისტო. 2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი