დედამიწური ქრონიკებიდან


დედამიწური ქრონიკებიდან

გადავჯდებოდი თეთრ ღრუბელზე, რომ შემეხედა,
უსიყვარულო დედამიწა რამდენს იწონის.
ვიდრე მკლავები დაეღლება ცას ნაქვემეხარს,
ჩამოვიდოდი,

და ვექნებოდი საკიდარად დარდიჭამიებს.
ზღვა ამღვრეული, ნაღველივით არწყევს თოლიებს,
მიწის სარეცხად, სანამ ხელებს დავიკაპიწებ,
სანამ თითებით შემოვფოცხავ ჩემს მაგნოლიებს.

თურმე, კუთხეში, იქ გადაღმა, მშიერი ბავშვი
ყოფილა, სადღაც ბებერ ძვლებზე — მოხუც „გოგონებს“
სცივათ, და მე კი ვერ შევნიშნე მათ დარდი ხმაში,
არც გულმა მიგრძნო და ვხუფავ სახლში კომპოტებს!..

ზვერავენ ქუჩებს გამჭვირვალე აქ მზვერავები,
ვერავინ, თითქმის, ვერვინ ხედავს უხმო თანმყოლებს.
დაიწყო დილა, დაგვაყენეს და მერამდენედ
გადაღეჭილი გაკვეთილი ისევ გვაყოლეს!

გადავჯდებოდი თეთრ ღრუბელზე, რომ შემეხედა,
უსიყვარულო დედამიწა რამდენს იწონის!

/ივლიტა/

        2026. თიბათვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი