გამოგიგონე


გამოგიგონე

გამოგიგონე და ღმერთებმა ხმა დაგვიყარეს:
როგორც ბობოქარ ზღვას ვერ ნახავ ხმელზე ვეღარსად,
ისე ეროსი ადგება და გადამიყვარებს
და ვერასოდეს შეყვარებულ მზერას ვერ ვნახავ.

უსაშველოა ეს ფიქრი — ელდანატანჯი,
გადაყვარების… თოლიებმაც გადაიფრინეს…
უკანდასახევ ნაფეხურებს წინ დგამ დამფრთხალი,
თითქოს გადახტი და ჰაერში გადაიფიქრე.

თითქოს გაცურე დარდის ზღვიდან განაპირებით,
დაპატარავდი და იძახდი ხმაჩაწყვეტილი,
მე კი ვერ დავდგი ზღვაზე ხიდი. ჩვენი ბიჯები
წამოიმართნენ და გარბოდნენ თავაწყვეტილი.

კალთაში მეჯდა განთიადი, ბავშვისთვალება,
ისმენდა ზღაპრებს — გათენებას თვითონ ჩვეული.
როგორც სიცოცხლე — უცილობელ გარდაცვალებას,
გადაყვარებას გპატიობდი,
თვალახვეული.

მე კი არ მიკვირს. კითხვებს არ ვსვამ  და ვუდაბურობ,
რადგან არავინ არის ქვეყნად, რომ მიპასუხოს!

/ივლიტა/ 

         აგვისტოს 10.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი