მძლეთამძლევ, სად ხარ?
მძლეთამძლევ, სად ხარ?!
როგორც დაწნეხილ, მშრალ სხეულებს ვეღარ სდით ცრემლი,
მარტის კვირტების სასაფლაოს გაუხმა დეკაც,
მოუყოლელი ზღაპრებისგან ბუბუნებს ყელი:
„მძლეთამძლევ, სად ხარ? სად არისო მძლეთამძლე, ნეტავ?!“
დღეს, საამური, როგორც სუნთქვა, სჭირდათ
ნიავი
ტყეებს და მოლზე, როგორც ხელით დანაკუწები,
ეფინა კენკრა. რად ეწყინათ, ნეტავ, მითხარი,
რომ დანაკოცნი ფუტკრებისგან ფარსმანდუკები
ქარგავდნენ მაღლობს გვირისტ-გვირისტ.
როგორც ნირვანა,
დიოდნენ შენში ფერები და ფერების ტევრში
დალივლივებდა სხეული და თითქოს მთლიანად,
თითქოს მთლიანად, უჩვეულო სამყოფელს შერჩი!
მოუყოლელი ამბებისგან ბუბუნებს ყელი
და ჭიშკარივით ჩარაზული მდუმარებს კრიჭა,
ამოგეყვანა თავი შენი გინდოდა ხელით,
რომ ჩაიხედე, დაგესიზმრა წუხელის ის ჭა.
ჰე, სად შეჩურთეს, სად დევს თეთრი-შავის საწყაო?
მარტის კვირტების ვინ მოაწყო ეს სასაფლაო?!
ოქტომბრის 2. 2026.
/ივლიტა/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი