ჯიუტად წვიმდა


ჯიუტად წვიმდა

ჯიუტად წვიმდა და გასაპნულს ჰგავდნენ ქუჩები.
არაფერს ნანობს აგერ ეს ხეც — მორი სატივე,
ხვალის  დღეებში, სხვა მორებთან შენაქუჩები,
სიზმრებს — ფოთლებზე, მდინარეებს დაუნაწილებს.

შეყოვნებული წამებივით გაგრძელდა ღამე,
სადმე კი დღეობს ირგვლივეთი, ალბათ, მზიანი,
არასდროსაა გვიანიო, თუ გწადის რამე,
რაღაცა მაინც არის ხოლმე უკვე გვიანი…

მარყუჟებივით შემოგეჭდო ბრძოლა საალყო
კისერზე, როცა სუნთქვის ჯარებს თითქმის ჩამორჩი;
საარაკოა: ვერას იზამ, ვერას გააწყობ —
ერთი ბოლო აქვს ხმალაწვდილს და მუხლზე
დაჩოქილს.

მზე კი თაკარა, მზე — მარადი — თითქოს  ცერს იკეცს,
ამოიწვერა საცეკვაოდ სახლის ერდოზე,
და იღვრებოდა ხის მერქანში ოქროსფერ სითხედ,
წაბლის ჩეროში მირთმეული ყავის გემოზე.

/ივლიტა/

09.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ჩემთვის პირველი სტროფი განსაკუთრებით გამოსარჩევია🙌 ის ცალკე აღებულიც სრულყოფილი,დასრულებული მინიმალისტური პეიზაჟია..ხმამაღლაც წავიკითხე და აკუსტიკურადაც ძალიან მუსიკალურად ჟღერს.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი