ფსიქოლოგიური რომანი ,, ჩემი ცხოვრების ეპიზოდები''-დან ამონარიდი


უნიჭო მკერავი

        ერთ დღეს დედას გარდერობი გავაცარიელე. ძველ, ბებიის ნაქონ სკივრში გადავიტანე ყველაფერი. სანაცვლოდ ჩემი ტანსაცმლით გავავსე გარდერობი. საკიდზე ჩემს მიერ გარეცხილ-გაუთოებული კაბები და ზედატანები დავკიდე. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი გარდერობი სავსე იყო ტანსაცმლით, მაინც ახალ  სამოსზე  ვოცნებობდი. კაბის სხვადასხვა  მოდელები მედგა თვალწინ. ჰოდა დავიწყე კერვა. მუდვმივად მაკრატელი მეჭირა ხელში და ვჭრიდი. ვჭრიდი და ვკერავდი, თუმც არაფერი გამომდიოდა. ხან მკლავი არ მეტეოდა სახელურში, ხანაც ქვედატანი იყო  უსწორმასწორო. წინ მოკლე ( ან გრძელი) და უკან გრძელი ( ან მოკლე).  ხან კიდევ  უკან კოჭებამდი გაშვერილი, სასაცილო რამ  გამოდიოდა.  
        მაკრატლით რაღაცეების ჭრა პატარაობიდან მიყვარდა.  თმასაც ჩემი ხელით ვიჭრიდი. წინ ლამაზი მოდების ჟურნალი მედო   და ვცდილობდი დავმსგავსებოდი ჯურნალიდან გამომზირალ გოგონებს. ხან უკან ავიჭრიდი თმას, ხან წინ  ,,ჩოლკა’’-ს ჩამოვიფხატავდი.  რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვიყავი. ლამაზი ვარცხნილობის ნაცვლად, უსწორმასწორო, აქაჩულ-დაქაჩული თმებით ვიდექი სარკის წინ და ვბურტყუნებდი, ( თუმც ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობდი).
        ერთხელ, ისე მოკლედ შევიჭერი თმა, ჩემი მეზობლის რუს  ვანიას დავემსგავსე. ის სულ მოკლე, თითქმის გადახოტრილ თმას ატარებდა.  ასე როგორ  გავიდე გარეთ -  ვთქვი და ვიტირე.  შეცდომის გამოსწორება ვცადე და მოქმედებასაც შევუდექი. 
         გამახსენდა:  შორეული ნათესავი გვესტუმრა ერთხელ. ახალგაზრდა კაცს თმები ისე  შეთხელებოდა,  ლამის გამელოტებულიყო.  ბებიაჩემმა უთხრა, ,, შვილო, რა მოგსვლია ეს. აბუსალათინის ზეთი წაისვი კვირაში ორჯერ და თმები ამოგივა’’-ო.  ამის გახსენებამ შვება მომგვარა. დედას ოთახში გავიქეცი,  სკამზე შევდექი და მაღლა დადებულ წამლის ყუთს წავეტანე. გული სიხარულით  მქონდა სავსე.  ვიპოვე და იღლიაში  ამოდებული  ბოთლით,  ჩემს ოთახში შევიპარე.  ზეთი თავზე დავისხი. მამას რომ არ მოესწრო,  სწრაფად ვმოქმედებდი.  სქელი ზეთის მასა თვალებში მეწვეთებოდა, წამწამებზე მიმეკრო, ყურის ბიბილოებზე დამეკიდა. თვალებს ვერ ვახელდი,  მეგონა მხედველობა დავკარგე, მამას მივეჭერი  და ვთხოვე ეშველა ჩემთვის. რა მოგივიდა-ო,  მეკითხებოდა. მე კი ვერ ვამხელდი მიზეზს, რის გამო ვიყავი ასე. 
       თმა გამეზარდა, მაგრამ გვიან. თითქმის  ორი წელი დასჭირდა რომ მხრებზე  ჩამოშლილიყო. რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მომწონდა ჩემი თავი. განსაკუთრებით ჩემი გამოკვეთილი სახის ნაკვთები, თვალები და ოდნავ წინ წამოწეული ვარდისფერი ტუჩები.
          დედას გარდერობში ორი უჯრა გამოტენილი იყო საკაბე ნაჭრებით. ვჭრიდი ყველაფერს, რაც ხელთ მომხვდებოდა. წინ კვლავ მოდების ჟურნალი მედო და დავყურებდი ლამაზ კაბებს. არც თარგის გამოჭრა ვიცოდი, არც ზომის აღება, მაგრამ აზარტულად მაინც ვჭრიდი და ვჭრიდი. შემდეგ ვლამბავდი და ვიზომავდი. შედეგით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული, შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი:  ვარღვევდი, ახლიდან ვკერავდი, თუმც ამაოდ... ბოლოს  ყველას ერთად,  პოლიეთილენის  ჩანთაში ვტენიდი და  ყველას ჩუმად  გამქონდა სახლიდან, ნაგვის ურნაში  ჩასაყრელად.
         ერთხელ დედას დიდი ატლასის თავშალი დავჭერი. დედამ კერვის დროს შემომისწრო და ძალიან გაბრაზდა.  ,,ეს რა ჩაგიდენია, ბებიის ნაჩუქარი თავშალი როგორ გამიფუჭე’’-ო... თავჩარგული ვიდექი მის წინ და ვნანობდი, რომ  დედას  გული ვატკინე.  სულ რაღაც ორი-სამი დღე  მახსოვდა დანაშაული, შემდეგ ისევ  ყველაფერს თავიდან ვიწყებდი. კერვის სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა. ბოლოს  დედამ მაკრატლების დამალვა დაიწყო.  ოთხი მაკრატელი გვქონდა სახლში და ოთხივე დამალული ჰქონდა.
           კერვის დაუოკებელი ჟინი კი არ მასვენებდა მაინც.  გადავწყვიტე მაკრატლის საყიდლად ფული  მომეგროვებინა.  სულ რაღაც  ორ კვირაში,  მაკრატლით ხელში გამოვედი მაღაზიიდან და ჩემთვის რატომღაც უსაფრთხოდ მიჩნეულ სკოლის ჩანთაში დავმალე.  მას შემდეგ კვლავ ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, ( ვითომ სამეცადინოდ) და კვლავ  ვჭრიდი საკაბე ქსოვილებს. კვლავ ვცდილობდი მომერგო ტანზე,  ვკეკლუცობდი, ჩემი შეყვარებულის გულის მოსაგებად. 
          ერთხელ სკოლაში, მათემატიკის გაკვეთილზე წიგნთან ერთად მაკრატელიც გადმომივარდა ჩანთიდან და ხმაურით დაეცა იატაკზე. მასწავლებელი შეკრთა, იატაკზე დაიხედა.
           -  რად გინდა მაკრატელი ჩანთაში, რატომ გიდევს? - თავს წამომადგა.  მიზეზს როგორ გავამხელდი და გავირინდე.  
           - მიპასუხე მაგდა, რატომ გაქვს ჩანთაში მაკრატელი, თან ამხელა მაკრატელი - უფრო  გაუმკაცრდა ხმა.
        -  თმის შეჭრას ვაპირებდი მასწ!- ამოვილუღლუღე ძლივს.
        -   რას ამბობს  ეს? - ბავშვებს გადახედა. შემდეგ  მომიბრუნდა და ჟანდარმივით დამადგა თავზე.
         -  რა თმის შეჭრას აპირებდი გოგო.. რას ბოდავ.. სად აპირებდი თმის შეჭრას! -  მომაცქერდა გაკვირვებული.
         -  სახლში მიშლიან და..-   ერთ სულელურ პასუხს, მეორეც მივამატე ლუღლუღით.
          - გადაირევი კაცი. ,, სახლში მიშლიან.. თმის შეჭრას ვაპირებდი..'' ჩემი  პაროდია გააკეთა მასწავლებელმა. ბავშვებმა გაიცინეს,  თუმც მალე ჩაწყნარდნენ.  მასწავლებელმა მერხებს შორის გაიარა, მაგიდასთან მივიდა და  ახლა შორიდან  გამტესტა. 
        -  რაღაც არ მომწონს შენი პასუხი. მომეცი აქ მაკრატელი. ხვალ კი მშობელს მოიყვან  -   სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ,  მაკრატელი  გამომტაცა,  მაგიდის  უჯრაში ჩადო  და ის იყო დაფისკენ მიტრიალდა, რომ..
         - მასწ!  მშობელს ვერ მოიყვანს მაგდა, დედა უცხოეთში ჰყავს, მამა კი მივლინებაშია  -  უცებ ხმამაღლა დაიძახა ლუკამ. ბავშვები ახმაურდნენ.
         - როცა დაბრუნდება მამა, მაშინ  მოვიდეს -  ამ სიტყვებზე  შვებით  ამოვისუნთქე. მერხზე რბილად  დავეშვი. გამახსენდა მასწავლებლის გულმავიწყობა, მისი  ლოიალური ბუნებაც.. და უცებ რაღაც  სასიამოვნო სიმშვიდე ვიგრძენი. 
       ,, მამას ჩამოსვლამდი აღარც ეხსომება..’’ გავიფიქრე და კლასელებს ცოტა არ იყოს,  თამამად გავხედე.
              შესვენებაზე კლასელებმა კითხვები დამაყარეს. 
              -  რატომ  გაქვს მაკრატელი ჩანთაში?-
              -   მართლა, რად გინდა მაკრატელი? -
              -  მოსაკლავი გყავს ვინმე?  -
              -  მაკრატელს დანა ჯობია! - 
              -  ჩვენ გვითხარი და....- მუშტი მოიღერა ზაზამ. ყველას გაეცინა, მათ  შორის მეც.  გაკვეთილების ბოლოს კი ბავშვებმა უჯრიდან მაკრატელი ამოიღეს და  ჩანთაში ჩამიდეს.
            -  ლამაზი ,, პრიჩოსკა’’ გაიკეთე იცოდე!  - ეს ზაზა იყო. მე  რა  თქმა უნდა ,, პრიჩოსკაზე’’ კი არა,  ამ საქმის  ასე  მარტივ დასასრულზე  ვფიქრობდი და მიხაროდა. 
იზა ჭკადუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი