ვიზიტი შეყვარებულთან


ვიზიტი შეყვარებულთან

       თითქოს კარებთან იდგა, მაშინვე კარი გამიღო. გაოცებისგან  მომაჯადოებლად  გამიცინა. მე ლამის გრძნობა დავკარგე. კიდევ ერთხელ  მივხვდი, რომ  სიგიჟემდი მიყვარდა. რომ ის იყო ჩემი ცხოვრების  არსი.. და მე ესოდენ  ღრმა და ფილოსოფიური, არარსებულ, უკიდეგანო სივრცეს ვიყავი დაუფლებული ჩემი  წმინდა და ბავშვური გრძნობით..  არაფერი მითქვამს, ისე შევიჭერი სახლში.  ზურგსუკან კარები მოვიხურე. ჩემზე ბევრად მაღალს, ავხედე და უნებლიედ ავტირდი. 
       ვტიროდი თორმეტი  წლის გოგო, ვტიროდი იმიტომ, რომ   ჩემზე ათი  წლით  უფროსს, ვიცოდი არ ვუყვარდი. რომ მისთვის ერთი პაწაწინა ღლაპი და სასაცილო გოგო  ვიყავი, შესაძლოა, ერთ ჩვეულებრივ რიგით  ნაცნობზე უმნიშვნელოც კი.. ბავშვი, რომელიც ( ჩემი გადმოსახედიდან) ვერასდროს გაუმხელდა იმ გრძნობას, ასე მტკივნეულად, რომ  ედო გულში..
        -  რა  გჭირს გენაცვალე - ღიმილი შფოთვამ შეუცვალა. სახის ყველა ნაკვთი, მისთვის  ჩვეული, თვალის ნელი მოძრაობით დამითვალიერა, ინტერესით თვალებში ჩამხედა და  დამელოდა რას ვიტყოდი. მე  არაფერი მითქვამს, ვტიროდი.
       -  რატომ ტირი  მაგდა, ასე გვიან რატომ ხარ აქ? - მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.  ტანჯვა მომეძალა იმის გამო, რომ  ჩემი  უზარმაზარი  გრძნობის შესახებ არაფერი იცოდა  ,,მან..'' სწორედ  ,,მან,''  ვისაც ამ ინფორმაციაზე წვდომის ყველაზე დიდი უფლება ჰქონდა.. ტანჯვა მომეძალა იმის გამოც, რომ უთქმელად ვერ ხვდებოდა რა სჭირდა ჩემს პაწაწინა გულს. და უფრო მეტად ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, რომ  შეეტყო, ალბათ გულიანად იცინებდა და  იხალისებდა  მხოლოდ.
        - ხომ არაფერი გიჭირს? შემიძლია დაგეხმარო? -  კვლავ დამისვა კითხვა.  ოთახი  შეუმჩნევლად მოვათვალიერე. მაგიდაზე სააღდგომო წითელ კვერცხებს მოვკარი თვალი. ახლაღა გამახსენდა, რომ აღდგომის დღესასწაული იყო. 
      -   ქრისტე აღსდგა! -  ვთქვი  თვალცრემლიანმა  და გაღიმება ვცადე. 
       -   ოო, ჭეშმარიტად მაგდა! ჭეშმარიტად! - გამიცინა და გულში ჩამიკრა. დევივით დიდი მკერდის ქვეშ, ჩემი შეყვარებულის გულისცემა ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და ვიფიქრე, ნეტავ აქ დასრულდეს ყველაფერი-თქო.. დაველოდე როდის მომიშორებდა იმ თბილი ხელებით, ასე სათუთად რომ მიკრავდა გულთან..  არ ვიცი რამდენხანს გასტანა ამ  წუთებმა. მახსოვს მხოლოდ ის, თავი რომ  ავწიე, ჩემდაუნებურად  მის  უკან გადაწეულ, სწორ და პრიალა თმას  შევეხე ათრთოლებული თითებით.
        -  იცი რა არის  უსამართლობა?  -  ჩემში ვიღაცამ ამოილუღლუღა მყისვე. გაოცებულმა შემომხედა.
        -   რა მაგდა?  -
          მე გავირინდე.  სიჩუმე  უხერხულობაში გადაიზარდა, ვიდრე...
         - ეს რა უცნაური კითხვაა მაგდა? - დაფიქრდა ერთხანს და კვლავ გაიცინა. თავი აქეთ -იქით გადააქნია. 
          - უსამართლობა ბევრი რამაა ქვეყანაზე, მაგრამ ეს ახლა  რატომ საყვარელო!.  რატომ  მეკითხები?-  თან იღიმოდა იმ  სანუკვარი ღიმილით, ჩემი გულის მოსაკლავად  რომ  უბოძა დედა-ბუნებამ.
          ,, რატომ ვერ ხვდები?..'' ახლა უკვე ფიქრით ვესაუბრებოდი  და ვეფერებოდი  ხშირ  და პრიალა  თმაზე.  გაკვირვებულ სახეზე,  ისევ ღიმილმა გადაურბინა ლამაზად. როგორც პატარა ბავშვს, სიყვარულით  ჩამხედა თვალებში. 
         - რატომ ხარ ასეთი? - კვლავ  ვკითხე.  ეტყობა  რთული   კითხვა დავუსვი, დაბნეული მომაჩერდა და... მე  წასასვლელად გავემზადე.  მკლავზე წამეტანა.
         -  ილაპარაკე, გთხოვ! - როგორც იქნა ისეთი რამ თქვა, რაც  ჩემთვის  იმ მომენტისთვის ყველაფერზე აუცილებელი იყო. თანაც ვიცოდი, შეიძლება ეს თხოვნა არც არასდროს განმეორებულიყო შემდგომ..  და არც არასოდეს მომესმინა მისგან. ამიტომ  ამ  ძვირფასი წუთების უკეთ აღქმა და მისი სრულყოფილად შთანთქმა ვცადე.  
           მას ჩემი ალაპარაკება უნდოდა.  თითქოს ამით, იმ ამოცანის  ახსნას  შეძლებდა,  ჩემი მოულოდნელი სტუმრობით რომ გავაბუნდოვნე. წამით მივაშტერდი. 
          ,,ილაპარაკე გთხოვ!’’  საამურად ჩამესმოდა ყურში.  ეს  ხომ სიყვარულზე მეტი, ოცნებაზე მეტი და  ყველაფერზე მეტი იყო  ახლა... და  ამ ორი სიტყვის გამო, ბედნიერებამ  საიმედოდ  მოიკალათა  ჩემში. არაფერი, სულ არაფერი მინდოდა სხვა... 
         და არც არაფერი ვინდომე.. ფეხის წვერებზე ავიწიე  და ლოყაზე ვაკოცე. სირცხვილისგან ვიწვოდი  ჩემი საქციელის გამო,  მაგრამ... ეს იყო  შექმნილი ბედნიერი წუთის გამომხატველი, სპონტანური ქმედება.. უფრო სწორად, ჩემი გაუბედავი ბუნების  მაქსიმუმი. მთელ სამყაროს ვიყავი დაუფლებული და სივრცეში გაჭრის სურვილი მომეძალა.. და უცებ... უკამოუხედავად გავიქეცი...გავრბოდი მთვარით განათებულ ბნელ შუკებში  და ვერაფერს ვგრძნობდი. ხელებს უაზროდ ვშლიდი, სამყაროს გულში ჩასაკრავად.  
იზა ჭკადუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი