* * * (გადიპენტები, როგორც მყინვარი...)
გადიპენტები, როგორც მყინვარი, უდაბნოსავით დაიღარები, გამოუცნობი და უჩინარი გულში ჩაგრჩება ნაიარები. გულში ჩაგრჩება ნაიარები, უთქმელ სიყვარულს წაშლის წამები, დაინისლება შენი თვალები დაქცეული და განაწამები. დაქცეული და განაწამები ჩამოშორდება დღეებს ნათელი, ჯვარზე გაკრული და ნაწამები დაიღვენთება როგორც სანთელი. დაიღვენთება, როგორც სანთელი, შენი სინაზე - კვირტში აპრილი, გაგყინავს ფიქრი, ბრმად გათელილი, შორს გაიელვებს ცა გადახრილი. დაისუსხება კვირტში აპრილი, მკაცრი ცხოვრების გაგრეცხავს თქეში. გაქრება, როგორც ზღვათა ნაპირი, შენი თვალების სითბო და ეშხი. შენი თვალების სითბო და ეშხი ჩარჩება სადღაც წელთა მსხვრევაში და ზამთრის სუსხი დარჩება მკერდში, იმ გაზაფხულის ყვავილთ ცვენაში. და შემოდგომის ფოთოლცვენაში დარჩება მარტო, მიუსაფარი, დღეთა ნგრევაში, წელთა მტვრევაში შეგაკრთობს უცხო ყივილ-ყაყანი. შეგაკრთობს უცხო ყივილ-ყაყანი, დაამტვრევს ტალღებს ამდგარი ქარი, ჯერ ისევ ბავშვი თუ ნააკვნარი გადიპენტები როგორც მყინვარი. გადიპენტები როგორც მყინვარი, უდაბნოსავით დაიღარები, გამოუცნობი და უჩინარი გულში ჩაგრჩება ნაიარები, იწამე, ქალო! არ მემეტები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი