* * * (ცხოვრებას ჯიუტი ბავშვივით მივსდიე...)


ცხოვრებას ჯიუტი ბავშვივით მივსდიე,
მიყვარდა სიცოცხლე და ზეცის ნათელი,
ამდენ ლამაზებში ხატად აგირჩიე,
ამდენ ლამაზებში აგინთე სანთელი.

ამდენ ყვავილებში დედოფლად მოგნათლე,
თუმცა სხვებიც იყო ნამით დაცვარული,
მე ანგელოზების ღიმილი მოგმადლე
და მინდვრის ბოლოში დავრჩი გაძარცვული.

ცრემლების ზღვად ვიქეც, ილაჯგაწყვეტილი
მივყვები ტალღების ბობოქარ ბორიალს,
შევრჩი ათას რისხვას ღვთისგან დაწყევლილი,
მე გული მეგონე, გული არ გქონია.

თავდახრილს, მდუმარეს მიწა დამაქანებს
და მერე დანისლავს თვალებს კაეშანი,
მე რა გამაცინებს, მე რა გამახარებს?
გულს მიღრღნის დღეების სიჩუმე ბედშავი.

რა ვქნა, მითხარი, მასწავლე, მირჩიე,
რაღა გამასწორებს მე - შენგან გათელილს?
ამდენ ლამაზებში ხატად აგირჩიე,
ამდენ ლამაზებში აგინთე სანთელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი