მე და შენ


შენ ვარდისფერი გგონია ზეცა
და ოქროსფერი სხივთა მტევნები,
შენ შეგიძლია გადიქცე ცეცხლად,
შენ მზის ღიმილსაც აედევნები.

შენს სათარეშოდ კუნჭულიც კმარა,
მე კი სამყარო სუნთქვად არ მყოფნის,
მძიმეა ჩემთვის ციცქნა ქვეყანა,
შხამია ჩემთვის მისი ნაყოფი.

შენ ერთი მუჭა ღიმი გეყოფა,
ყოველი დილა გხიბლავ და გათრობს,
მე ვერ მიცვნია დღე და ეპოქა
და რაღაც ბნელს თუ საშინელს ვნატრობ.

შენ რა ხარ?! შენ რა შეგიძლია?!
გგონია კი, რომ ზეცას მისწვდები!
გგონია, ბოროტს კეთილმა სძლია,
გგონია, მზესაც არ ავიწყდები!

გგონია, ჰოდა დე, როგორც გსურდეს!
მე კი სამყარო სუნთქვად არ მყოფნის.
მე მინდა, კაცი მძაგდეს და მძულდეს,
რადგან შხამია მისი ნაყოფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი