ბაბუს მარტო მე ვუყვარვარ
ბაბუა მყავს ზესტაფონში, რა კაცია, რა კაცი! ეზარება უსაქმური, მუქთახორა, ზარმაცი. თვითონ სულ მუდამ მუშაობს, დაისვენე - ვერ ეტყვი, ძილშიაც კი ელანდება ბლოკი, სილა, ცემენტი. ხან ლესავს, ხან რკინას ღუნავს, დურგლობს, მჭედლობს, ხარატობს, თავის გზას და თავის საქმეს არასოდეს ღალატობს. მზარეულობს, მთვრალეულობს, ყვირის, მღერის, იცინის, ხურავს, ქურავს, იგინება, სულ არ იცის სირცხვილი. სულ ანგრევს და სულ აშენებს, აუღია რევანში, ბებოს თმები გაუთეთრა ამ შენება-ნგრევაში. აშენებს და ამ საქმიდან რა სასახლეც გამოვა, ჯერ ვერავინ ვერ მიმხვდარა, ვიცით მე და ბაბუამ. თუ ბაბუას დავუჯერებთ, არვინ უყვარს ჩემს მეტი, მაგრამ პირზე აკერია ბლოკი, სილა, ცემენტი. ამიტომაც საფიქრალი გამიჩინა ამ კაცმა, ბაბუს მარტო მე ვუყვარვარ? მეეჭვება რაღაცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი