* * * (რას ჩამოქუფრულხარ...)
რას ჩამოქუფრულხარ, ზეცაო მაღალო, რად აცრემლებულხარ ნეტავი, რად? მოგწყინდა თოვა, თუ ღრუბლები საავდრო ზედ გულზე დაგაწვა სამარის ქვად. არ მინდა წვიმა და ღვართქაფის ტყლაშუნი, ლეწე და ამსხვრიე ფიფქების ბრბო, თოვე და მაფრქვიე სუსხი დაფარჩული, აპრილში სადა გვაქვს ამისი დრო. თოვე და აავსე ქუჩების ტალანი. სუსხი და ფანტელი ჩამოდგი მთად... ყველას ვერ შევჩივლე დარდი და ვარამი, მარტო ერთმა იცი გულის ყრუ თქმა. იქნებ ვერც მოვესწრო შემდეგ დაზამთრებას, იქნებ მოვეწონე წმინდანს და ღმერთს, ჰოდა დამათოვე ფიფქი წყება-წყება, ნამქერის ზვავები დამადგი მკერდს! მერე გაზაფხულზე დაჰბერავს ზეფირი, აპრილი გასკდება კვირტების ტყედ, კვლავ ლურჯად იბრწყინებს ცავ, შენი ეფირი და ისევ დავრჩები მე შენი ტყვე. შენ კი მოქუფრულხარ, გზაარეულივით, ხან რას მიაწყდები, ხან კიდევ რას. შენ იცი ზეცაო, ჩემი სვე-სურვილი და ნურღა დაბურდავ ნაწამებ გზას. რას ჩამოქუფრულხარ და რა გემართება, ნეტავი ვიცოდე, თუ მიგდებ ყურს! იქნებ ვერც მოვესწრო შემდეგ დაზამთრებას, ნუ დამწყვეტ გულს, ცაო, ნუ დამწყვეტ გულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი