იღუღუნეთ მტრედებო


ჩემო კარგებო, გულმხურვალეს მოგიძღვნით სალამს!
დე, მუდამ იდგეს სიყვარულის ლაღი დარები,
რომ არ მოაკლდეს სათნოება ჩვენს ციურ ქალაქს
თინათინების, მადონების, რუსუდანების!

ო, როგორ მხიბლავთ, მასათუთებთ, როგორ მანაზებთ!
ჩემი ცხოვრებაც ხელოვნების ღუმელში გადნა
და არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე
უზენაესი, ღვთაებრივი მუსიკის გარდა.

თუ დაგენანოთ ჩემი წასვლა ამ სამოთხიდან,
როცა ჩემს დაღლილ, ბებერ სხეულს სული დასტოვებს,
და თუ მუსიკა არის ენა ღმერთების წმინდა,
ცრემლების ნაცვლად სიმღერების ჰანგი მათოვეთ!

იღუღუნეთ მტრედებო,
მტრედნო სიყვარულისა,
სულში ჩაფრენილებო
ანგელოზნო სულისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი