* * * (გაიოცებენ, ატირდებიან...)
გაიოცებენ, ატირდებიან, გათეთრდებიან წლები და იქ, სიცოცხლის გადასახედთან, ფიქრი შეგიპყრობს მწარე, თვალზე ცრემლები შეგაშრებიან და სიყვარული ჩემი ძველ სამრეკლოზე, ლურჯ სამრეკლოზე ააგუგუნებს ზარებს. იქნები მუდამ მიუწვდომელი, თუკი მიწამე ასე, მერე ჭაღარად ჩამოთოვს თმებში და გაცივდება მკერდი, დარჩება წლები დაუნდობელი, ჩემი ცრებლებით სავსე, ძველ სამრეკლოზე, ლურჯ სამრეკლოზე აქვითინდება ბედი. ჩამოსცილდება დაბინდულ თვალებს მაცოცხლებელი ჩქერი, ალისფერ კოცონს დაანთებს ცაში სერაფიმების დასი, ძველ სამრეკლოზე, ლურჯ სამრეკლოზე ცრემლი დარჩება ჩემი. ციცქნა უსტარი, ციცქნა ბარათი ვერ გაიმეტე ჩემთვის, მე ხომ არა გთხოვ, რომ სიყვარულში გული დამიდო სწორი, ავტირებულვარ აწ და მარადის ცრემლები ცრემლებს ერთვის, ძველ სამრეკლომდე, ლურჯ სამრეკლომდე გზები ყოფილა შორი. აცრემლდებიან, ატირდებიან, იქვითინებენ წლები, მერე სიცოცხლის გადასაბიჯთან, კარგო, შეგიპყრობს დარდი, სახე ცრემლებით დაგისველდება, გაიყოფიან გზები, ძველ სამრეკლოზე, ლურჯ სამრეკლოზე დარჩება ორი ლანდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი